არჩევნები 2013

ენმ: ამომრჩეველზე ზეწოლის და აგიტაციის ფაქტები დაფიქსირდა

Geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის სარჩევნო შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, გორში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. როგორც შოთა მალაშხიამ ბრიფინგზე თქვა, საარჩევნო პროცესში რამდენიმე უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლის და აგიტაციის ფაქტები დაფიქსირდა. კონკრეტულ ფაქტებს ბაქრაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ცესკოს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გაუგზავნიან.

"ეს არის აგიტაციის ჩატარება უბანზე, ზეწოლის ფაქტები პოლიციის მხრიდან, გაყალბების ფაქტები და არაკომპეტენტურობა. თქვენ იცით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს კანონით განსაზღვრული ორი წარმომადგენელი და არაკომპეტენტურობის გამო, არ უშვებენ ამ წარმომადგენლებს უბანზე. ასევე, გორის გამგებლის მძღოლი, საკრებულოს აპარატის უფროსის შვილი, გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილის ძმისშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ახალდანიშნული თანამშრომლები  ორგანიზებას უწევენ ახალგაზრდების ჯგუფს, რათა აქტურად მივიდნენ და სხვადასხვა უბნებზე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. დღევანდელ ხელისუფლებას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, პოლიციელებისგან და გამგეობის წევრებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ რომ შეწყვიტონ ანალოგიური ქმედებები" - აცხადებს მალაშხია. 

გარდა ამისა, საარჩევნო დარღვევებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც ისაუბრა. როგორც ბრიფინგზე ვაშაძემ აღნიშნა, "კრწანისის 26-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელ დაჩი ვარძელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ზაზა ოქიაშვილის ზონდერ ჯგუფი, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე“, – განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა სხვადასხვა რეგიონში.

„მარნეულის საარჩევნო ოლქში, მე–40 უბანზე დაფიქსირებულია უკვე აღნიშნული ბიულეტენები. გორის რაიონში, სოფელ კირბალში, ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ თუ ისინი მხარს დაუჭერენ ოცნებას, 200 ლარს მიიღებენ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8 %-ია. ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის, 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63 360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის ინფორმაციით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ამ ეტაპზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი. მისივე განმარტებით, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერის წიგნში დამატებით კიდევ 13 შენიშვნა დააფიქსირეს. ხოლო საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით,საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება. ორგანიზაციამ ამ დროისთვის 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. TI-ს დამკვირვებლებმა 22 საჩივარი დაწერეს.

 

 

კომენტარები