არჩევნები 2013

გელა მთივლიშვილი: საუბნო კომისიის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს

netgazeti.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქის მე-14 ჭიკაანის საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მთივლიშვილის მტკიცებით, ინციდენტში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ, ამ ყველაფერს კი, კომისიის თავმჯდომარე ივანე სეფიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

"როდესაც უბანში შევედი, კომისიის წევრები უბნის გარეთ იმყოფებოდნენ და ამ საკითხის გარკვევა ვითხოვე. ასევე, ვითხოვე სარეგისტრაციო ჟურნალში დარეგისტრირება, თუმცა კომისიის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს" - ამბობს მთივლიშვილი.  როგორ კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი აღნიშნავს, მას ასევე არ მიეცა აღნიშნული ინციდენტის შესახებ საჩივრის დაწერის შესაძლებლობა. ჟურნალისტის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

თავად ჭიკაანის მე-14 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ივანე სეფიაშვილი გელა მთივლიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და შენობიდან გაძევების ფაქტს არ ადასტურებს. მისი თქმით, მთივლიშვილი სამაგიდო სიებს იღებდა, რაზეც მიუთითეს, რომ არ შეიძლებოდა და მან უბანი საკუთარი სურვილით დატოვა.

„არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, ვუთხარით, რომ სამაგიდო ვერსიების და კაბინების გადაღება არ შეიძლებოდა. მაინც იღებდა სამაგიდო სიებს. მე ვუთხარი, მიბრძანდით-მეთქი, ეგ არის და ეგ. როგორ გეკადრებათ, ხელით შეხება შეიძლება? გაბრძანდა თავისით. რა შეურაცხყოფა, სულ მოწიწებით ველაპარაკებოდით“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ივანე სეფიაშვილმა.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

კომენტარები