ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია მეორედ გაამართლეს

Reuters

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 31 ოქტომბერს, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

აღნიშნული საქმის განხილვა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა და მას შემდეგ განაჩენის გამოსატანად იყო გასული. საქმის მიხედვით, ბაჩო ახალაიას, ბრალდებულ 7 პირთან ერთად, ბრალად შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში 7 სპეცრაზმელის წამება და წამების ორგანიზება.

ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. დაცვის მხარის მტკიცებით, სპეცრაზმელები არ უწამებიათ და მათ მხოლოდ რეინჯერთა საწვრთნელი კურსები გაიარეს.

ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 144-ე, 333-ე,მუხლებით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა ბრალდებულები იყვნენ შემდეგ პირები: შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა, შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი,დავით გიორგაშვილი და რობერტ სუთიძე.

კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სამხედროების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა, ბაჩო ახალაია 2013 წლის ზაფხულში ასევე გამართლდა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არსებული მესამე საქმე ე.წ. ციხის ბუნტს ეხებოდა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებული საქმე შევიდა. მას ამ საქმეზე სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 26 ოქტომბერს შეუფარდა. საქმის განხილვა 18 ნოემბერს დაიწყება.

ბრალდებული ახალაია ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და თავის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

კომენტარები