თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლო: ვერანაირი დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენზე ვერ მოახდენს გავლენას

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან სასამართლოს მიზანმიმართულად დისკრედიტაციის მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. სასამართლო მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებებისგან, რათა კანონსაწინააღმდეგო ქმედება თავიდან იყოს აცილებული.

”სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპით, მხარეთა დასაბუთებულობისა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეთა მიერ, მით უფრო კონკრეტული პოლიტიკური ძალებისგან არაკორექტული, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო კრიტიკა, რაც თავის მხრივ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, სასამართლოს მხრიდან მიიჩნევა საქმიანობაში უხეშ ჩარევად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად.

ამასთანავე, მასალები ადვოკატის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის მისამართით გაკეთებულ უხამს განცხადებებთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას. სასამართლო შეგახსენებთ, რომ  საქართველოს სსკ-ის 366-მუხლის თანახმად: სასამართლოს უპატივცემულობა,  რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს”, - წერია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლება ”კვლავაც განუხრელად დაიცავს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს და ვერანაირი მცდელობა მისი დისკრედიტაციისა ვერ მოახდენს გავლენას სასამართლოს საქმიანობაზე”.

 

კომენტარები