გამოხატვის თავისუფლება

არასამთავრობოები პარლამენტს: არ მიიღოთ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმა

14 არასამთავრობო ორგანზიაცია და მედიასაშუალებები საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვენ, საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭიროს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ინიციატივას, რომელიც ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის პირის დაჯარიმებას ითავლისწინებს.

"ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის მეირ განიხილება კანონპროექტი, რომელიც პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებასა და პლურალური, ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.

სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილების განხილვის დროს ასევე დაირღვა პროცედურული მოთხოვნები, რადგან ინიცირებული ნორმა არ წარმოადგენდა თავდაპირველად ინიცირებული კანონპროექტის ნაწილს და მისი დამატება დოკუმენტში მხოლოდ მეორე მოსმენისას მოხდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან და ამცირებს საკანონმდებლო პროცესში ჩართულობისა და საჯაროობის შესაძლებლობას.

მიგვაჩნია, რომ განსახილველი საკანონმდებლო ჩანაწერი გამოხატვის თავისუფლებაზე თვითნებურ და გაუმართლებელ შინაარსობრივ შეზღუდვას დააწესებს და საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ საჯარო დებატებს საზოგადოებაში. სეკულარიზმთან დაკავშირებით სახელმწიფოს სეკულარობის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ძალაუფლებებისა და რელიგიის თემაზე საჯარო დებატებსა და საზოგადოებრივი პროცესების რაციონალიზაციას მოითხოვს, ამგვარი შეზღუდვის დაწესება განსაკუთრებით მიუღებელია.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაამტკიცოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი და ზოგადად უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მგრძნობელობის მქონე საკითხების განხილვის პროცესის საჯაროობა და ინკლუზიურობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები:

1. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

2. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

5. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

6. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

7. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

8. ტაბულა

9. სამოქალაქო განათლების ფონდი

10. მედიის განვითარების ფონდი

11. კავშირი საფარი

12. თავისუფლების ინსტიტუტი

13. საინფორმაციო ცენტრების ქსელი

14. ჟურნალი ლიბერალი

კომენტარები