ფიზიკური დაპირისპირება დმანისში

ენმ: გამგებელმა ჩვენს მხარდამჭერს წყლის შეყვანაზე უარი უთხრა და თავი გაუტეხა

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დმანისის რაიონის სოფელ ქვემო ყარაბულახის გამგებელმა ბახრუზ ნამაზოვმა პარტიის შტაბის წევრს ფარიზ ალიევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ქვით თავი გაუტეხა და მანქანა დაუზიანა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, დაპირისპირების მიზეზი სოფელში წყლის შეყვანა გახდა. ვაშაძის თქმით, გამგებელმა ფარიზ ალიევს უთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერობის გამო, მის სახლში წყალს არ შეიყვანდა.

"სამწუხაროა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ არჩევნებში მაღალი შედეგები გვქონდა, ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყო ჩვენს მხარდამჭერებზე", - ამბობს ვაშაძე. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დმანისის საარჩევნო ოლქში გიორგი მარგველაშვილმა ხმების 47.29% მიიღო, ხოლო დავით ბაქრაძემ - 41.53%.

კომენტარები