ბაჩო ახალაიას საქმე

ომბუდსმენი: ახალაიას შეწყალება პრეზიდენტის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა

news.ge

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბაჩო ახალაიას შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად აფასებს. ნანუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ამ ეტაპზე მაინც უნდა დადგეს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა.

"არ უნდა გამოიყენოს კანონით მინიჭებული, თუმცა შეუზღუდავი უფლებები, რაც გულისხმობს ნებისმიერი პატიმრის გათავისუფლებას, მათ შორის, იმ პატიმრების, რომლებსაც არცერთი დღე საპატიმროებში არ გაუტარებიათ. სამწუხაროდ, ასეთებიც არიან შეწყალებულები, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა არ უნდა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული პრივილეგია საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისათვის, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, პრეზიდენტს შეუძლია 9 000 მსჯავრდებულის შეწყალება, თუმცა სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტობის ბოლო დღეების განმავლობაში, სააკაშვილი ამ უფლებით არ ისარგებლებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ბაჩო ახალაიას შეწყალების გადაწყვეტილებას ხელი გუშინ მოაწერა. ახალაიას სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმესთან დაკავშირებით 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები