პრეზიდენტის შეწყალება

წულუკიანი: შეწყალების ინსტიტუტს რეფორმირება სჭირდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, შეწყალების ინსტიტუტს რეფორმირება სჭირდება. წულუკიანის განცხადებით, პროცედურა უნდა დაიხვეწოს და განისაზღვროს, თუ როგორ ხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი.

"საერთოდ, შეწყალების ინსტიტუტი, ისევე როგორც საპატიმროებში სასჯელის მოხდის მიმდინარეობა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას. მე არ ვარ იმ აზრის, რომ პატიმრები კატეგორიებად დაიყონ და ზოგიერთის შეწყალება უნდა შეეძლოს პრეზიდენტს და ზოგიერთის არა - პრეზიდენტს ყველანაირი პატიმრის შეწყალება უნდა შეეძლოს და ამაში არ არის პრობლემა. პრობლემა, ჩემი აზრით, თავად პროცედურაშია - პროცედურა უნდა დაიხვეწოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხვდება პრეზიდენტის მაგიდაზე ხელმოსაწერად ესა თუ ის შეწყალების აქტი.  სწორედ პროცედურა უნდა გადაიხედოს და ის გამჭირვალე იყოს საზოგადოებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიაც ახალ პროცედურებს უნდა დაექვემდებაროს.

"ის კომისია, რომელიც მუშაობს შეწყალებაზე, რაღაცნაირად ახალ პროცედურებს უნდა დაექვემდებაროს და პრეზიდენტთან უნდა მიდიოდეს მხოლოდ იმ პატიმრების საქმეები, ვინც ნამდვილად იმსახურებს შეწყალებას, ხოლო პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, უნდა შეეძლოს მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი ამა თუ იმ პროექტს", - განაცხადა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის შეფასებით, "საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი იმდენად გონიერია, რომ იმგვარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, როგორიც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ვიხილეთ, მის პირობებში გამორიცხულია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტიტუტის გამოყენება კონსტიტუციურ-სამართლებრივ ფარგლებში უნდა მოექცეს. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, შეწყალების ნებისმიერი აქტი ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს, თუმცა ის გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. 

"როდესაც პატიმარი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, სხვა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ამ პატიმრის შეწყალების საკითხი იმ პატიმრისგან განსხვავებით, რომელიც აღიარებს დანაშაულს და ითხოვს პატიებას", - აცხადებს ნანუაშვილი. აღნიშნულს იზიარებს არასამთავრობოების ნაწილი. 

კომენტარები