ეკონომიკური ზრდა

სადიკოვი: ეკონომიკაზე ნამდვილად იქონია გავლენა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ

bpn.ge

2013 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-ია. ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა თბილისი მარიოტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ეკონომიკაზე ნამდვილად იქონია გავლენა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, რადგან 2013 წელს ქვეყანაში ძალაუფლება ერთი გუნდიდან მეორეს გადაეცა. შემდეგ იყო არჩევნები. ინვესტორთა მხრიდან ნდობა ამ პოლიტიკური გაურკვევლობის გამო ეკონომიკის მიმართ შენელებული იყო, რამაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა იქონია. ველით, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება და მომავალ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 5% იქნება", - აღნიშნა სადიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ, ჯერ 6%-დან, ხოლო შემდეგ 4%-დან, 2.5%-მდე შეამცირა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩამოუვარდებოდა როგორც რეგიონის (5.8%), ისე დსთ-ის დაბალშემოსავლიანი ქვეყნების საშუალო მაჩვენებლს (6%). ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რუსეთის გარდა, საქართველოს ყველა უშუალო მეზობელი ქვეყნისთვის - აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი - უფრო მაღალი იყო, ვიდრე საქართველოსთვის. ეკონომიკური ზრდის შემცირების ტენდენციას IMF-ი შემცირებული კერძო ინვესტიციებით და კრედიტებით ხსნიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, ეს ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რომელიღაც დეპარტამენტმა მოამზადა და საქართველოს მისია მის შესახებ ინფორმირებულიც კი არ იყო.

"ცხადია, ჩვენ ვმუშაობდით ამ პროგნოზებზე და არ ვეთანხმებით მათ. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ სრულიად წარმოუდგენელი პროგნოზი დაიდო სავალუტო ფონდის მიერ დასაქმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე საერთოდ არ ყოფილა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და ფინანსთა სამინისტროსთან. არანაირი ფაქტობრივი მონაცემი არ ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა, რაიმე პრობლემა იყოს", - განაცხადა ხადურმა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში, რომელიც თბილისი მარიოტში შეკრებილებს - მათ შორის, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა გააცნო, აღნიშნულია, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში გასულ წელთან შედარებით, 1.7%-ით გაიზრდება და 16.7%-ს მიაღწევს. მომავალი წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ მაჩვენებლის 17.3%-მდე ზრდას ვარაუდობს. IMF-ის მიხედვით, უმუშევრობა უფრო მეტად გაიზრდება საქართველოში, ვიდრე აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში. 

კომენტარები