გამოხატვის თავისუფლება

რელიგიათა საბჭოს წევრები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო აცხადებს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინსიტრაციული ჯარიმების დაწესება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მათთვის მიუღებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ტაბულა რელიგიათა საბჭოს განცხადებას, რომელსაც ხელს 20 რელიგიური ორგანიზაცია აწერს, უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, - საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს კოდექსისთვის ახალი 1691 მუხლის დამატებას.

აღნიშნული მუხლი სამართალდარღვევად აცხადებს რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას ან/და სხვაგვარ დამამცირებელ ქმედებას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და ამ ნიადაგზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში რელიგიასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კონფლიქტი არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი და რელიგიათა საბჭოს წევრებს ამ საკითზე ადრეც გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ ხსენებული ნორმის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები ზედმიწევნით კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მწვავე და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შეუწყნარებლობის გამოხატვა საჯარო სივრცეში თუ მედიით.

ჩვენ, წლებია, სწორედ სიტყვიერი თავდასხმების, სიძულვილის, შეურაცხყოფის, დამცირების, დისკრიმინაციული მოპყრობის სამიზნე ვართ. ამ თვალსაზრისით, უაღრესად შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რაც შეიმჩნევა სხვადასხვა ტიპის მედიაში, პოლიტიკოსებისა და საჯარო პერსონების რიტორიკაში. მაგრამ, ჩვენ, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ კუთხით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი შეზღუდვების დაწესების გზა რეალურად ვერ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

სანაცვლოდ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საზოგადოების ობიექტური ინფორმირებით, მართებული და აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობით, სამოძღვრო შეგონებით და, რაც მთავარია, სიძულვილით აღსავსე ადამიანებისადმი ჰუმანური, რელიგიური პასუხისმგებლობით გამსჭვალული მოპყრობით დავიწყოთ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაჭრა. გამოხატვის თავისუფლების ამა თუ იმ სახით შეზღუდვას კი არა, არამედ, სწორედ ამ ფართო საგანმანათლებლო მიდგომას შეიძლება დაეფუძნოს რელიგიური გზა სიძულვილის დაძლევისაკენ.

რელიგიათა საბჭოს წევრები ასევე ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლების ამგვარი რეგულაციის დაწესებით საფრთხე შეიძლება შეექმნას დემოკრატიულ განვითარებას, პლურალიზმს საზოგადოებაში, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ფართო დისკუსიებსა და ამ თუ იმ რელიგიური გაერთიანებისადმი უბრალოდ კრიტიკული პოზიციის გამოხატვასაც.

ზოგადად, რელიგიურ საკითხებზე დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს რაიმე ბარიერი კი არ უნდა აღვუმართოთ, არამედ, პირიქით, გზა უნდა გავუხსნათ მას, რათა ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს და დაძლიოს ამა თუ იმ რელიგიურ თემასთან დაკავშირებული შიში, ნეგატიური სტერეოტიპები და ტაბუები, რაც წარმოადგენს კიდევაც სიძულვილის გაღვივების უმთავრეს წყაროს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა არ დაუშვას ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიღება და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიული და პლურალისტური განვითარების პერსპექტივა.

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად რელიგიური გაერთიანებებისთვის. ამ ეტაპზე, ხელს აწერენ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შემდეგი წევრები:

1. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია

2. ეზიდთა სასულიერო კრება

3. ქართველ მუსლიმთა კავშირი

4. სომეხთა კათოლიკე ეკლესია

5. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია

6. სახარების რწმენის ეკლესია

7. მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

8. საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია

9. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია

10. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია

11. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

12. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი

13. საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია

14. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება

15. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი

16. მეგობართა რელიგიური საზოგადოება – კვაკერები

17. სვედენბორგის საზოგადოება საქართველოში

18. სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი

19. თბილისის საენტოლოგიური ეკლესია

20. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია

 

კომენტარები