NATO-საქართველოს ურთიერთობა

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს პირველი ქვეითი ბრიგადის ასეული შეუერთდება

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ქართული ასეული სპეციალურ გადამზადებას უკვე გადის. 

"ამ ასეულმა, რომელსაც წაყენებული აქვს ძალიან მაღალი მოთხოვნები, ჩააბარა საწყისი პირველადი შეფასება. შეფასება არის საკმაოდ მაღალი. რა თქმა უნდა, ეს ასეული მოითხოვს შემდგომ დახვეწას და შეფასებას. მსგავსი შეფასება ექნება კიდევ დამატებით ორი ან სამი" - ამბობს კაპანაძე. 

საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ოფიციალურად 2015 წლიდან ჩაერთვება. იქამდე, ქართველი სამხედროები კვალიფიკაციას ISAF-ის მისიაში მონაწილეობით იმაღლებენ, თუმცა ვახტანგ კაპანაძის განმარტებით, ასეული, რომელიც ალიანსის შემადგენლობაში იქნება, ავღანეთში არ გაემგზავრება. 

"ეს ასეული არ არის გათვალისწინებული ავღანეთისთვის. ეს ასეული იქნება NATO-ს სარდლობის დაქვემდებარებაში. ავღანეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, შერჩეული დანაყოფები როტაციისთვის მომზადებას აგრძელებენ" - აღნიშნავს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე. 

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ამჯერად წვრთნებს რუსეთის საზღვართან, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ატარებს, სადაც ალიანსის გენერალური მდივანიც იმყოფება. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, NATO მოკავშირე ქვეყნების ჩართულობას სწრაფი რეაგირების ძალებში დიდ მნიშვნლობას ანიჭებს. 

კომენტარები