სოფლის მეურნეობა

წელს საქართველოში დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაორმაგდა

fineartamerica.com

2013 წელს საქართველოში დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაორმაგდა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდიდან ირკვევა, 2013 წლის 1 მაისამდე საქართველოში 400 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დამუშავდა. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 100%-ით მეტია, ხოლო 2005 წლიდან მოყოლებული - ყველაზე მაღალი. მეტიც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დამუშავებული მიწის ფართობი ერთი წლის მანძილზე ასე გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერჯერობით არ აქვს მონაცემები, რომლებიც რეგიონების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების განაწილებას აჩვენებს. ISET-ის მკვლევარი ხუან ეჩანოვი ვარაუდობს, რომ გარკვეული ფაქტორების გამო, დამუშავებული მიწის ფართობები რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება - მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწები თანაბრად მოხნა და ვაუჩერებიც თანაბრად დაარიგა.

ეჩანოვი მიიჩნევს, რომ ზრდა ყველაზე მაღალი იქნება ღარიბ რეგიონებში - მაგალითად, კახეთში - ანუ იქ, სადაც დაუმუშავებელი მიწის წილი ისედაც მაღალი იყო იმ რეგიონებთან შედარებით, სადაც დამუშავებული მიწის წილი მთელ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან მიმართებაში მთავრობის ჩარევის გარეშეც ნახევარზე უფრო მაღალია. ზრდა შედარებით დაბალი იქნება ისეთ რეგიონებში - მაგალითად, გორში, სადაც ძირითადად ხეხილის ბაღებია, რადგან სასოფლო-სამეურნეო პროგრამა მრავალწლიანი კულტურების განვითარებაზე ორიენტირებული არ არის. იმ რეგიონებში კი, სადაც მცირე რაოდენობის მოსახლეობაა - მაგალითად, რაჭაში - ზრდა იქნება კიდევ უფრო დაბალი, რადგან არ იქნება საკმარისი რაოდენობით მუშახელი, რომელიც მეტ დამუშავებულ მიწას მოუვლის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სულ 800 ათასი ჰექტარი მიწაა, რომელიც დამუშავებისთვის ვარგისია.

კომენტარები