მედია

ტაბულა კომუნიკაციების მარეგულირებლისგან სუპერ ტვ-ს ქსელში ჩართავს ითხოვს

სამოქალაქო განათლების ფონდის დირექტორმა (ტაბულა ტვ) თამარ ჩერგოლეიშვილმა დღეს, 26 ნოემბერს, შპს სუპერ ტვ-ს წინააღმდეგ საჩივრით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

სამოქალაქო განათლების ფონდი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 პრიმა მუხლის საფუძველზე ითხოვს ტელეკომპანია ტაბულას განთავსებას შპს სუპერ ტვ-ს მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში.

ტაბულა უკვე რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ცდილობს მიაღწიოს ტელეარხის სიგნალის განთავსებას თბილისში მოქმედი საკაბელო კომპანია სუპერ ტვ-ს მომსახურების პაკეტში. ტაბულამ მიმდინარე წლის ოქტომბერში სუპერ ტვ-ს ყველა ის ტექნიკური საშუალება მიაწოდა, რაც საჭირო იყო არხის მომსახურებათა პაკეტში განსათავსებლად.

"მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებული ტექნიკური საშუალებების ზუსტი ხარისხი და მახასიათებლები წინასწარ იყო შეთანხმებული შპს სუპერ ტვ-ს ტექნიკურ სამსახურთან, რასაც ადასტურებს მიწოდების დღეს მათ მიერ ტექნიკის მიღების ფაქტი, 2013 წლის 28 ოქტომბრის წერილით, შპს სუპერ ტვ-მ უარი განაცხადა მის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში ტაბულას ჩართვაზე და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა მიწოდებული თანამგზავრული მიმღების საყოფაცხოვრებო დანიშნულება.

2013 წლის 30 ოქტომბერს, ა(ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდისა და შპს სუპერ-ტვ-ს ხელმძღვანელობის შეხვედრის მიმდინარეობისას, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკური შინაარსის რეპლიკებს", - წერია საჩივარში, რომლითაც სამოქალაქო განათლების ფონდმა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ტაბულას მიერ სუპერ ტვ-სთვის მიწოდებული ტექნიკური საშუალებების არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ანალოგიური ტექნიკით მაუწყებლობის სხვა ტრანზიტორები შეუფერხებლად ახერხებენ ტელეკომპანიის სიგნალის გავრცელებას.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-40 პრიმა მუხლში წერია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები ვალდებულები არიან მომხმარებლებს შესთავაზონ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლისა და საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიების მქონე ტელეარხების სიგნალი. აღნიშნული ცვლილება კანონში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, იმდროინდელი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით შევიდა. აღნიშნული კამპანია ცნობილი გახდა Must Carry-ის სახელით.

კომენტარები