ბაჩო ახალაიას საქმე

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაია გაამართლა

Akhalaia, nominee for the post of Georgia's Interior Minister, listens during a meeting in parliament in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გაამართლა ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდთან, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამების ბრალდებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა და ახალაიასთან ერთად ბრალდებული 7 პირიდან დამნაშავედ მხოლოდ რამდენიმე ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2013 წლის 1 აგვისტოს, ყველა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი.

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო: 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი, ე.წ ვაშლის თლის ეპიზოდი), 2. ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), 3. სენაკის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამება (114-ე პრიმა მუხლი).

სააპელაციო სასამართლომ გენშტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე უდანაშაულოდ ცნო ვაზიანის ეპიზოდთან დაკავშირებით(25. 143-ე მუხლი და 333-ე მუხლი). სასამართლო კალანდაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით (387-ე მუხლის მე-2 ნაწილი) გამოიტანა და მას სასჯელის სახით სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა 3 თვის ვადით დააკისრა, თუმცა, 2012 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე კალანდაძე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.

სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე, რომელიც ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჯგუფის მიერ).

იმავე ბრალდებაში სააპელაციო სასამართლომ ასევე გაამართლა ყოფილი სამხედროები მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი კიდევ ერთი ბრალდებულის, მერაბ კიკაბიძის მიმართ.

4 დეკემბერს გამოცხადებული განაჩენის მიხედვით, კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გორგაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუმცა, სასამართლომ გორგაძე გაამტყუნა 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. ამნისტიის გათვალისწინებით, მას სასჯელის საბოლოო სახედ 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ბრალდებული ზურაბ შამათავა. გორგაძის მსგავსად, სასამართლომ სსკ-ის 125-ე მუხლის მიხედვით წაყენებული ბრალდება (ვაზიანის ეპიზოდი) შამათავასაც 333-ე მუხლის მე-3 ნაწილად გადაუკვალიფიცირა და ამნისტიის გათვალისწინებით, 3 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა.

ახალაიას სხვა ბრალდებები

ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში დაწყებული მეორე საქმე ეხებოდა წამებას და წამების ორგანიზებას (7 სპეცრაზმელის იაღლუჯის პოლიგონზე წამების საქმე); სასამართლომ ახალაია ამ საქმეზეც გაამართლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ მესამე საქმეზე, ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით გამოიტანა და მას 3 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალაია ამ განაჩენთან დაკავშირებით ვადის ამოწურვამდე შეიწყალა.

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სასამართლოში მხოლოდ ერთი, სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებული ბრალდება რჩება. მას ამ საქმეზე სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა 26 ოქტომბერს შეუფარდა.

ბრალდებული ახალაია ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და თავის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

კომენტარები