ეუთოს მინისტერიალი

ბილდტი: უკრაინის ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს, რა არის მათი პოლიტიკური კურსი

კიევში ეუთოს მინისტერიალი დაიწყო და მასში სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. შეხვედრა კიევში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე მიმდინარეობს. მინისტერიალზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს განიხილავენ.

დღის პირველ ნახევარში სიტყვით უკრაინის პრემიერი ნიკოლაი აზაროვი, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვლენ. დღის მეორე ნახევარში კი, მინისტერიალში მონაწილე ქვეყნების დელეგაციები თავიანთ მოხსენებებს წაიკითხავენ.

"უკრაინის ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს, რა არის მათი პოლიტიკური კურსი. ამბობენ, რომ ევროკავშირთან შეთანხმებას ხელს ახლო მომავალში მოაწერენ. რას ნიშნავს ეს. ისინი მოლაპარაკებას მოსკოვთან აწარმოებენ, ეს კი გაურკვევლობას ქმნის და არ არის კარგი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ევროპის მხრიდან უკრაინისთვის კარი ღია რჩება", - ამბობს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ნატალია გერმანის თქმით, რთული გამოსაცნობია, რა მოხდება.

"მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის. პანიკას არ ვყვებით, ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების და მოკავშირეების. დარწმუნებული ვართ ამ არჩევანის სისწორეში. ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან კარგი შანსი იმისა, რომ იმ მიზანს მიავღწიოთ, რაზეც დიდი ხანია ვმუშაობთ და რასაც ევროპაც მხარს უჭერს", - აღნიშნავს გერმანი.

მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თუმცა, ლავროვი ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

ეუთოს მინისტერიალის დაწყებამდე შენობასთან აქციაც გაიმართა. აქტივისტებმა მინისტერიალის მონაწილეებს მოუწოდეს, გავლენა მოახდინონ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებზე, დაიცვან დემონსტრანტების უფლებები.

კომენტარები