სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: 2013 წელი ნაკლები დრამატულობით გამოირჩეოდა

news.ge

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, 2013 წელმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წინა წელთან შედარებით, ნაკლებად დრამატულად ჩაიარა. ომბუდსმენმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში დღეს სასტუმრო რედისონში წარადგინა.  

"2012 წლის მღელვარე მოვლენების შემდეგ, 2013 წელი ნაკლები დრამატულობით გამოირჩეოდა. მართალია, მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოება ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მტკივნეული პოლიტიკური თანაარსებობის მომსწრე იყო, მაგრამ დაძაბულობას ზოგად მდგომარეობაზე ფუნდამენტური გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციაზე უჩა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში გამოიკვეთა როგორც დადებითი ტენდენციები, ისე - პრობლემები. 

ომბუდსმენის თქმით, დადებითი ტენდენციაა ის, რომ წელს პირველად პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის ანგარიშში არსებული რეკომედაციები და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა.

"ანუ პრაქტიკა, როცა პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ცნობად იღებდა, წარსულს ჩაბარდა. დადებით ტენდენციად შეიძლება აღინიშნოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციაც, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს. ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმები - ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამნისტიისა და სიხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციიის შედეგად შემცირდა სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა რაოდენობა, რითაც აღმოიფხვრა ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა და გაუმჯობესდა პატიმართა მდგომარეობა. 2013 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში არ დაფიქსირებულა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტები. ამავე დროს მნიშვნელოვნად შემცირდა სისტემაში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველის თქმითვე, დადებით ტენდენციად შეიძლება შეფასდეს ის, "რომ 2013 წელს მკვეთრად შეიცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ტენდენცია". ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ხდება.

"2013 წელს შს სამინისტრომ პირადად აღიარა მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი, შეიქმნა ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და წლის განმავლობაში განადგურდა 110-ზე მეტი ფაილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები