ეკონომიკური ზრდა

ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას: თქვენ ზრდით ბიუჯეტის დეფიციტს

0 კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე ფოტო: netgazeti.ge

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2012 წლის მშპ-ის პირველი სამი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.4% იყო, ხოლო 2013 წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებლი კი – 1.7%,  რაც  2012 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებზე 4.3 ჯერ ნაკლებია. 

"სამჯერ არის შემცირებული საქართველოს ეკონომიკის ზრდა. ერთ მილიარდამდეა დაახლოებით ბიუჯეტი გარღვეული. მომავალ წელს 1.1 მილიარდ ლარზე მეტ ვალს იღებთ. თქვენ ზრდით ბიუჯეტის დეფიციტს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ნოემბერში გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სისწორე შეამოწმა.

ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს შეადარა 2013 წლის შემოსულობების  9 თვის საპროგნოზო საწყისი მაჩვენებლები კორექტირებამდე  და 9 თვის საკასო შესრულება. მათ შორის სხვაობა 749.1 მილიონი ლარია. "ეს მონაცემი მართალია ნაკლებია მილიარდზე, რაზეც ზურაბ ჯაფარიძე მიუთითებდა, თუმცა, ლოგიკურად თანხვედრაში მოდის მის განცხადებასთან, რადგან 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ასეთი ტენდენციით, წლის ბოლოს, ბიუჯეტის ერთ მილიარდამდე გარღვევა ნამდვილად შესაძლებელია. ამასთან, დეპუტატი „დაახლოებით მილიარდამდე“ მოცულობას მიუთითებს", - აღნიშნავს ფაქტ-მეტრი.

ერთმანეთს შედარდა 2013 წლის და 2014 წლის ბიუჯეტების დეფიციტიც. ბიუჯეტის პარლამენტში მეორე წარდგენით, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 418 მილიონ ლარს (მშპ-ის 1.5 %), ხოლო 2014 წლის მეორე წარდგენით ბიუჯეტის დეფიციტი 628 მილიონ ლარს (მშპ-ის 2%) შეადგენდა. მესამე წარდგენით ბიუჯეტის დეფიციტი 1.118 მილიარდ ლარამდე (მშპ-ის 3.8%) გაიზარდა. 

რაც შეეხება ვალს, 2014 წლის საბიუჯეტო პროექტის მეორე წარდგენისას სახელმწიფო ვალის მოცულობა 1.132 მილიარდ ლარს შეადგენდა. მესამე წარდგენის მიხედვით კი სახელმწიფო ვალის მოცულობამ 1.636 მილიარდ ლარს მიაღწია. აქედან 600 მილიონ ლარს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიიღებს. გარდა ამისა, იგეგმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და უცხო ქვეყნის მთავრობებისგან გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების აღება 600 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში გათვალისწინებულია 136 მილიონი ლარი. სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან მთავრობა 300 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს ელოდება.

სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები