დიდთოვლობა

ელექტროენერგია ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების 8%-ს არ აქვს

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტების 8%-ს დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. კომპანიის ინფორმაციით, გუშინ გათიშული აბონენტების რაოდენობა დაახლოებით 25%-ს შეადგენდა, თუმცა ტექნიკურმა ბრიგადებმა აბონენტების დიდი ნაწილისთვის ელექტრომომარაგების აღდგენა შეძლეს. კომპანიის განმარტებით, ამ დროისთვის ელექტროენერგია მთლიანად მიეწოდება ბათუმს, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს. გათიშული რჩება სამეგრელოს, გურიისა და ზემო აჭარის აბონენტების ნაწილი.

"აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში წასულია დამატებითი ტექნიკური ბრიგადები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება მაქსიმალურად მალე აღუდგეთ. რთული მეტეოროლოგიური პირობები სამუშაოების წარმოებას აფერხებს. რამდენჯერმე, თოვლმა უკვე რეაბილიტირებული ხაზები მწყობრიდან ხელახლა გამოიყვანა", - აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის თანაშემწემ დიმიტრი დარჩიამ ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ბათუმის 95%-ს ელექტროენერგია წუხელ აღუდგა, თუმცა დენი ზოგიერთ უბანში პერიოდულად ითიშება.

ამასთან, დიდთოვლობის გამო, შეზღუდვები რჩება საავტომობილო გზებზე. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ქუთაისის,  საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ54 მონაკვეთზე, ასევე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები