ეკონომიკური ზრდა

ონოფრიშვილი: მშპ-ის კლება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო

www.gd.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიხედვით, 2013 წლის მესამე კვარტლის მონაცემები ამავე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებზე მეტია. ასევე აღემატება 2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებსაც. გამოდის, რომ მშპ-ის რეალური ზრდის ტემპის შემცირებამ ტენდენციის სახე 2012 წლის მეოთხე კვარტალში მიიღო.

"მშპ–ის კლება დაიწყო 2012 წლის ზაფხულში, როდესაც „ქართული ოცნება“ ჯერ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული. ამაზე არაერთხელ თქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა. კვარტალური ვარდნა დაწყებულია თქვენ დროს და ეს არის შედეგი, რაც დღეს ხდება. და მეორე: 6% [მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებელი] შეთანხმებული იყო სავალუტო ფონდთან და ზოგადად პროგნოზი მსოფლიოსა და რეგიონში იყო უკეთესი და ეს პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც ეშლება. ეკონომიკას ახასიათებს ციკლურობა, ხანდახან მეტი ზრდაა, ხანდახან – ნაკლები. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და მთელს რეგიონში ქვეყანა არ არის მშპ რომ არ შემცირებულიყოს და ბევრად მეტად, ვიდრე საქართველოში" - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმდჯომარემ დავით ონოფრიშვილმა ნოემბერში, პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე შეამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში მშპ 6.6%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში – 8.2%-ით, მესამე კვარტალში კი – 7.5%-ით. ამდენად, მესამე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდა მეორე კვარტალთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა, თუმცა პირველი კვარტლის მაჩვენებელზე მაინც მეტი იყო. 

ფაქტ-მეტრის მიხედვით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2012 წლის მესამე კვარტალი, რომელიც ივლის-სექტემბრის პერიოდს მოიცავს, წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ამ პერიოდში ეკონომიკური აქტივობის შემცირება (მითუმეტეს უმნიშვნელოდ, 8.2%-დან 7.5%-მდე) კანონზომიერია. "იგივე შეგვეძლო გვეთქვა 2012 წლის მე-4 კვარტალზეც, როგორც ხელისუფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გარდამავალ პერიოდზე, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას ტენდენციის ხასიათი რომ არ მიეღო და 2013 წლის 9 თვეზე არ გაგრძელებულიყო", - აღნიშნავს ფაქტ-მეტრი.

ფაქტ-მეტრის მიხედვით, წინა მთავრობის დროს 2013 მშპ-ის რეალური ზრდის ტემპის  შემცირების პროგნოზი მართლაც კეთდებოდა, თუმცა 2012 წლის ეკონომიკური ზრდის საბოლოო მაჩვენებელი და 2013 წლის ეკონომიკური ზრდის დღევანდელი პროგნოზი დავით ონოფრიშვილის მითითებულ დოკუმენტში მოყვანილ  პროგნოზებზე გაცილებით დაბალია. "2012 წლის მშპ-ის რეალური ზრდის წლიური პროგნოზი 7% იყო, მაშინ როდესაც ამ წლის მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,2% შეადგინა. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2013 წელს მშპ 6%-ით უნდა გაზრდილიყო. 2012 წლის ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 %-ს შეადგენდა. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი  სავალუტო ფონდის 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შემცირდა" - აღნიშნავს ფაქტ-მეტრი საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათზე დაყრდნობით. ამ დროს მმართველი პარტია ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო.

ფაქტ-მეტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ის მონაცემები მოიძია, რომლებიც აჩვენებს, რომ მშპ-ის რეალური ზრდის ტემპი შემცირებულია რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, რუსეთსა და სომხეთში), თუმცა სხვა ქვეყნებისთვის (მაგალითად, აზერბაიჯანი, მოლდოვა, თურქეთი, უკრაინა) დამახასიათებელია საპირისპირო ტენდენცია. ამას გარდა, იგივე ორგანიზაციის მონაცემებით, მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2013 წელს მსოფლიოში საშუალოდ 3.6%-დან 2.9%-მდე შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეუმცირდა მოლდოვას, რუსეთსა და უკრაინას, თუმცა გაეზარდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს.

არსებული მონაცემების საფუძველზე, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი. 

კომენტარები