ალექსანდრე ნინუას საქმე

სასამართლომ ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ დააყენა და დაცვის მხარემ მისი შეცვლა არ მოითხოვა. წინასასამართლო სხდომა 15 იანვარს 14.00 საათზე დაიწყება.

„პრაქტიკულად დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მოთხოვნას და არ დაუტოვა სასამართლოს შესაძლებლობა, ემსჯელა აღკვეთის ღონისძიების სახით უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების საკითხზე. აქედან გამომდინარე, დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნება პატიმრობა", - განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

ადვოკატ მამუკა მდინარაძის თქმით კი, ბრალდებულმა თავად მოახდინა დაპატიმრების პროვოცირება და ამის მიზეზები სხდომაზე განმარტა.

„მისი განცხადებით, ყოველ დილას იწყებდა იმაზე ფიქრით, დღეს შესყიდვების დეპარტამენტის რომელ თანამშრომელს დაკითხავდნენ ან დააპატიმრებდნენ. ერთი წლის განმავლობაში ეს მისთვის დიდი მორალური სტრესი იყო და დაკავების პროვოცირება მოახდინა იმის დასამტკიცებლად, რომ ციხის არ ეშინია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინუამ პატრულს თავი დააჭერინა", - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ნინუა ბრალს ეთანხმება. მდინარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად მივიდა პატრულთან, განზრახ გადმოაგდო ქამრიდან იარაღი, რომელიც პატრულმა დაინახა და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დააკავა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმა ალექსანდრე ნინუამ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯერ მას კითხავდნენ და აიძულებდნენ, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, შემდეგ კი, შესყიდვების დეპარტამენტის რიგით თანამშრომლებს იბარებდნენ და თავად ნინუას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მისივე თქმით, გასული წლის მანძილზე, მოწმედ ათამდე საქმეზე დაიბარეს.

"შეიძლება, გაჩნდეს კითხვა - რაღა სასამართლო და რაღა მაკაროვი, მედიას დაკავშირებოდი. მე რომ ეს ასე მექნა და ჩვეულებრივად პრესკონფერენცია მომეწვია, ამას პასუხი მოყვებოდა, რომ თავისი მეგობრები კი არ ადარდებს ამ კაცს, ამას ეშინია, რომ ციხეში არ წავიდეს. იმის დასამტკიცებლად, თქვენო ღირსებავ, რომ მე ციხის არ მეშინია, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ციხე. მე კატეგორიულად ვუკრძალავ ჩემს ყველა ახლობელს გირაოს შეტანას. მე დავრჩები ციხეში მანამ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ  ყველა ჩემი თანამშრომელი, იმ კონკრეტული ბრალდებისაგან, რომელსაც ასე უსაფუძვლოდ უყენებენ, გათავისუფლებულები არ არიან. აი, ასე აღმოჩნდა ჩემი მაკაროვი პატრულის წინ რუსთაველის პროსპექტზე." - მიმართა ნინუამ მოსამართლეს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები