ალექსანდრე ნინუას საქმე

ალექსანდრე ნინუა პირობით ვადამდე გაათავისუფლეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა 30 ნოემბერს პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ნეტგაზეთს დაუდასტურა. სამინისტროს განმარტებით, ნინუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 ნოემბერს სასამართლომ ალექსანდრე ნინუას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ნინუა ითხოვდა, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიას დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ ბათილად სცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 29 ივნისის N001/15-2591 გადაწყვეტილება და დაავალა საბჭოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ალექსანდრე ნინუას პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

ალექსანდრე ნინუას სამწლიანი პატიმრობა 2014 წლის მაისში მიუსაჯეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი 2013 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, დაკავების პროვოცირება თავად მოახდინა. აღნიშნულს ნინუა დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში თავისი თანამშრომლების გამუდმებით დაკითხვებზე დაბარებებით ხსნიდა. ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებით, მას და მის თანამშრომლებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. ნინუას ინფორმაციით, დაკითხვები 2012 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 

ალექსანდრე ნინუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა დაცვის მხარეს პრეტენზია არ ჰქონია. ნინუას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი შეგნებულად დააგდო პოლიციის თვალწინ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო, ექვსჯერ გადაიდო.

ალექსანდრე ნინუას ასევე წარდგენილი აქვს ბრალი 5 685 000 ევროს ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე.

კომენტარები