უშიკიშვილის გათავისუფლება

მარგიშვილი: შიდა აუდიტის დასკვნით, შეუძლებელი გახდა უშიკიშვილის დატოვება

radio1.ge

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, "შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შეუძლებელი გახდა გიორგი უშიკიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორად დატოვება".

"თქვენ ალბათ ნახეთ, რომ თვითონ ბატონმა გიორგიმ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გათავისუფლდა. იქ არის მითითებული სამართლებრივი საფუძვლები. კონკრეტულად, მიმდინარეობდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აუდიტორული შემოწმება, რომელიც გასულ წლებს მოიცავდა. ამ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ბატონი გიორგის ადგილზე დატოვება", - თქვა მარგიშვილმა.

მარგიშვილმა დარღვევების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. თუმცა, მისი თქმით, რომ არ ყოფილიყო დარღვევები, მაშინ განთავისუფლების საკითხი არ დადგებოდა. მარგიშვილი უარყოფს გიორგი უშიკიშვილთან რაიმე სახის დაპირისპირებას.

რაც შეეხება მის შემცვლელს, როგორც მარგიშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ კანდიდატზე ჯერ საუბარი არ არის.

"ჩვენ ვმუშაობთ დებულებაში ცვლილებების შეტანაზე. ეს ცნობილი გახდება ორშაბათს. ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო დაახლოებით 12 ადამიანისგან შემდგარი, რომლებიც წარუდგენენ მინისტრს შესაძლო დირექტორის კანდიდატურას", - აღნიშნა მარგიშვილმა.

გიორგი უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ უშიკიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უშიკიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ალექსანდრე მარგიშვილმა მიიღეს და პრემიერმინისტრის სახელი გამოიყენეს. უშიკიშვილის ინფორმაციით, მის შემცვლელად გიორგი დონაძე განიხილება.

კომენტარები