სანდრო გირგვლიანის საქმე

გიორგი ღვინიაშვილი: ჩვენ იმუნიტეტი გვიცავს, მაგრამ არავის ვემალებით

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ღვინიაშვილი უწყებაში ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილთან ერთად მივიდა. მას პროკურატურა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სახით ჰკითხავს. ღვინიაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ხელისუფლება, იმის ნაცვლად იმისა, რომ იმუშაოს და მიხედოს თუნდაც ბიუჯეტთან დაკავშირებულ პრობლემებს, აგრძელებს სანახაობას და პოლიტიკური ოპონენტების სრულად განადგურების მცდელობას. მეც და კახა ბუცხრიკიძესაც გვიცავს იმუნიტეტი და შეგვეძლო პროკურატურაში არ გამოვცხადებულიყავით, მაგრამ ჩვენ არავის ვემალებით, არაფრის გვეშინია და ვინაიდან, გირგვლიანის საქმე წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ყველა იმ კითხვას გავცემ პასუხს, რაც გამოძიებას აქვს", - განუცხადა ჟურნალისტებს ღვინიაშვილმა, რომელსაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის პერიოდში, თბილისის პროკურორის თანამდებობა ეკავა.

16:00 საათზე, უწყებაში დაკითხვაზე კახა ბუცხრიკიძე მივა.

ნაციონალური მოძრაობის წევრების გიორგი ღვინიაშვილის და კახაბერ ბუცხრიკიძის მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარების შესახებ პროკურატურამ განცხადება გუშინ გაავრცელა.

”2013 წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით იქნა დაბარებული. ასევე, 2013 წლის 20 დეკემბერს, 16:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახითაა დაბარებული საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ბუცხრიკიძე. საქმე ეხება გ. ღვინიაშვილის ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მომხდარ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამების, გარდაცვალებისა და ცალკეულ საჯარო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, ხოლო კ. ბუცხრიკიძის შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ა. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა მიერ სასჯელის მოხდისას საპატიმრო დაწესებულების უკანონოდ დატოვებისა და მათთვის კანონით აკრძალული შეღავათების გაწევის ფაქტებს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები