საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა გაბრიელის საფლავთან სურვილების ჩამთქმელთა რიგი დგას

უკვე მესამე დღეა მცხეთის სამთავროს მონასტერში წმინდა გაბრიელ სალოსის საფლავზე მომლოცველთა და სურვილების ჩამთქმელთა რაოდენობა არ წყდება. მორწმუნეებმა საფლავზე მისვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილობრივმა მონოზონმა დედა პარასკევამ განაცხადა, რომ მას წმინდა გაბრიელისგან მინიშნება მიეცა, - თუ შობამდე მორწმუნეები მივიდოდნენ და მას სურვილებს სთხოვდნენ, მამა გაბრიელი ამ თხოვნებს შეისმენდა. რამდენიმე დღის მანძილზე მცხეთაში მორწმუნეთა ნაკადის კონტროლი პოლიციას უწევდა, იგივე ხდებოდა დღესაც სამთავროს მონასტერში. წმინდანის საფლავთან მიახლების მსურველთა შორის ჭყლეტვა დაიწყო, რამაც მრავალი მორწმუნის უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

გუშინ facebook-ის მეშვეობით რამდენიმე მღვდელმა მცხეთაში სურვილებით ჩამსვლელთა რიგებს კერპთაყვანისმცემლობა უწოდა.

"ის, რაც მცხეთაში ხდება, ვწუხვარ, მაგრამ ერის გაუკუღმართებული სულიერი ცხოვრების შედეგია. რა გგონიათ, ვინც პირველი მივა, მეტი საჩუქარი იმას შეხვდება?! იქნებ სანტა კლაუსის ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე. "არა ჰქმენ თავისა შენისა კერპიო" გვეუბნება სინას მთაზე მოსეს მიერ ჩაწერილი ღმერთის ერთ-ერთი მცნება. ვეთაყვანები მამა გავბრიელს, მაგრამ ე.წ. გამოცხადება მისი სახელის დისკრედიტაციას ემსახურება მხოლოდ." - განაცხადა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ.

 "მივიჩნევ, რომ როგორც ქრისტეს მღვდელმა, შესაძლოა ყველაზე ცოდვილმა ცოდვილთა შორის, უნდა დავგმო ის კერპთაყვანისმცემლობა, რაც მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე ხდება. წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება, წმინდა გაბრიელი გადააქციეს ჯინად, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ მდაბალ მონაზონს რაღაც ცუდად ესიზმრა. რამდენი ავადმყოფი, რამდენი გაჭირვებული მიეახლა დღეს წმინდა მამა გაბრიელს და მიმართა მას როგორც ჯინს, როგორც სურვილების შემსრულებელს. ნუ ამახინჯებთ მართლმადიდებელ რწმენას. წმინდა მამა გაბრიელ სალოსო, შეგვინდე!" - განაცხადა მილანის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, იღუმენმა კირიონ მაჩაიძემ.

დღესვე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს საპატრიარქომ: "ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა. საერთოდ, დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ უნდა ვევედროთ უფალს. დგება შობის ბრწყინვალე ზეიმი. დაე, იესო ქრისტეს წყალობა და ლოცვა-კურთხევა არასოდეს მოაკლდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს" - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ დედა პარასკევამ განაცხადა, რომ მას არც ხილვა ჰქონია და არც გამოცხადება, უბრალოდ მინიშნება მიეცა მამა გაბრიელის საფლავიდან. თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს მინიშნება მან ტაბულასთან კომენტარი არ გააკეთა. ქალაქში სადაც წმინდა ნინომ კერპები შემუსრა, საფლავზე სურვილების ჩამთქმელთა რიგები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები