ალილო

ალილოზე პატრიარქის ეპისტოლე გააპროტესტეს

ალილო რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მსვლელობას წინ ბავშვები მოუძღოდნენ, რომლებიც ანგელოზებს განასახიერებდნენ. მათ მოსდევდნენ სიმბოლურად ქრისტეს შობის მახარობელი მწყემსის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, ასევე: ხარ-კამეჩი და ურემი, რომელშიც შეწირული ტკბილეული გროვდებოდა; მოგვები, რომელთაც ქრისტეს დაბადების მაუწყებელი ვარსკვლავი შეამჩინიეს. მსვლელობას თეთრ სტიქარში ჩაცმული მორწმუნეები აგრძელებდნენ. შობის ხატს კი სასულიერო პირები და მრევლი მიაბრძანებდა.

ალილოზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ის ნაწილი სადაც ილია მეორემ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები პრობლემურებად მოიხსენია, თამარ ხაჭაპურიძემ გააპროტესტა. იგი მსვლელობას პლაკატით ხელში მიჰყვებოდა.

პროცესია სამ ადგილას გაჩერდა. ოპერასთან მომლოცველებს შობა პაატა ბურჭულაძემ მიიულოცა.

პარლამენტის ყოფილი შენობასთან ალილოს მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები შეხვდნენ. დავით უსუფაშვილმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.

თავისუფლების მოედანზე კი, მომლოცველებს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სევდია უგრეხელიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები დახვდნენ.

თავისუფლების მოედნიდან მომლოცველთა ნაწილი საპატრიარქოში წავიდა. აქ ალილოს მონაწილეები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო. ილიამ მეორემ ისინი დალოცა და ტკბილეული გადასცა. შესრულდა საშობაო საგალობლებიც შეასრულეს. ილია მეორეს ინიციატივით, მომლოცველებმა საპატრიარქოს შემოუარეს და ნაკურთხი წყალი აპკურეს.

საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისით დასრულდა.

კომენტარები