ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მორიგი ბრალი წაუყენეს

0 კომენტარი

ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წაუყენა პატიმართა წამებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. მთავარი პროკურატურის ცნობით, დანაშაული 2006 წელსაა ჩადენილი, როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, მეგის ქარდავა კი მე-7 საპყრობილის დირექტორი.

პროკურატურის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ბაჩო ახალაიას დავალებით გია გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან რომან სურმანიძესთან და მარად ართმელიძესთან ერთად, იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში. ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ.თბილისში, „ნავთლუღის" ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა - 1988 წელს დაბადებული შოთა (მურად) გორგაძე და მისი მეგობრები: 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ ქ.რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. სპეცოპერაციის შემდგომ გია გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გია გორგაძისთვისაც მიეხედათ.

სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ბ.ახალაიას ბრძანებით, პატიმრები - გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ბ.ახალაიამ და მ.ქარდავამ N1 დაწესებულების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვავდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. „კორიდორში", სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით.
დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ, მათ ბ.ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებული პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი ბ.ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ.ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას. აღნიშნულის შემდეგ, ყოველგვარი იურიდილი საფუძვლების გარეშე ბ.ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების გ.გორგაძის, დ.ლექვთაძის, ვ.პაპავას, მ.მანდარიას, მ.ბეჭვაიას და ბ.მესხის ს.ა.დ.-ის #1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის - N7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში.

ს.ა.დ.-ის N7 დაწესებულებაში შეყვანისას პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. მითითებულმა პირებმა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვნდენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას, რის შემდეგაც გ.გორგაძე, ვ.პაპავა, მ.მანდარია, მ.ბეჭვაია, ბ.მესხი და დ. ლექვთაძე შეასახლეს საკნებში. პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. ხსენებული პატიმრების წამება საერთო ჯამში გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში.
გამოძიება აგრძელებს მუშაობას ქ.თბილისში „ნავთლუღის" ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია.

ბრალდებულების ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები