თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს უმცირესობა: შიხიაშვილის მივლინება ბიუჯეტს ძალიან ძვირი უჯდება

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრების აზრით, ირაკლი შიხიაშვილის ჩინეთში ვიზიტი მაშინ, როცა პლენარულ სესიაზე თბილისის ბიუჯეტი ჩავარდა, მიუღებელია. საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის წევრის თემურ გრიგალაშვილის თქმით, შიხიაშვილის გრძელვადიანი მივლინება თბილისის ბიუჯეტს ძალიან ძვირი უჯდება.

"ეს ყველაფერი ბიუჯეტს ათეულობით ათასი ლარი უჯდება. მინდა ვთქვა, რომ თანხაში შედის ჩინელი თარჯიმნის მომსახურება, რომელიც ჯდება დაახლოებით 6 000 ლარი. ეს არის ყოვლად მიუღებელი და მოვუწოდებთ ირაკლი შიხიაშვილს სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს ყოვლად უადგილო მივლინება, დაუბრუნდეს საკუთარ სამუშაო ადგილს, რათა მოხდეს ბიუჯეტის შეჯერება და მიმდინარე თვის ბოლოსთვის ბიუჯეტის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც საბოტაჟი", - ამბობს გრიგალაშვილი.

ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის კიდევ ერთი წევრის თამაზ შოშიაშვილის თქმით კი, ბიუჯეტი კიდევ ერთხელ იანვრის ბოლოს უნდა განიხილონ. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ბიუჯეტის კვლავ ვერმიღების შემთხვევაში სოციალური პროექტები შეჩერდება. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა-განახლებული თბილისის წევრები საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნების არალეგიტიმურობაზეც საუბრობენ, ვინაიდან, მათი თქმით, კომისიის სხდომები არ ტარდება.

"ქართული ოცნების სარევიზიო კომისიამ დადო დასკვნა, სადაც პირველ პუნქტად განსაზღვრული აქვთ, რომ გაზრდილია 1 700 000 ლარით საკრებულოს ბიუჯეტი, როცა თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები არ იზრდება. მე მაქვს წერილი და მინდა წარმოგიდგინოთ, სადაც ბატონი შიხიაშვილი მიმართავს თბილისის მერს გიგი უგულავას და სთხოვს ამ თანხით თბილისის საკრებულოს ბიუჯეტის მომატებას, რადგან გაზრდილია მომუშავეთა რიცხოვნება საკრებულოში. შიხიაშვილის წერილის და მოთხოვნის საფუძველზე მოემატა თანხები და ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს", - აღნიშნავს შოშიაშვილი.

ცნობისთვის, თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები