უმცირესობა ევროსაბჭოს დელეგაციას თანაგუნდელების გახმაურებულ საქმეებზე ესაუბრა

www.radiotavisupleba.ge

უმცირესობის წევრები გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბორის ლისევიჩს და მაიკლ იენსენს ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთ თანაგუნდელებთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის ახალ ტალღასთან, რაც ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ვისაუბრეთ ბოლო ფაქტებზე, რომელიც უკავშირდება მერაბიშვილის გატაცებას, ასევე თბილისის არჩეული მერის სასამართლოს ზეწოლით გადაყენების გადაწყვეტილებას”, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, საუბრის კიდევ ერთი თემა უმცირესობებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იყო, რაც, დეპუტატის შეფასებით, ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები დღეს შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, სახალხო დამცველს და უმრავლესობის წარმომადგენლებს.

კომენტარები