ქართველი მოჭიდავეები დოპინგსკანდალში

დოპინგსკანდალში გახვეულ მოჭიდავეებს დაფინანსება შეუწყდათ

msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან ერთად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს, ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილსა და ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე პალიკო კასრაძეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქართველი მოჭიდავეების - გიორგი ედიშერაშვილის (55 კგ) და ლევან არაბულის (120 კგ) დოპინგზე ჩავარდნა იყო. 

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ედიშერაშვილი და 2012 წლის ევროპის ვიცეჩემპიონი არაბული ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯენ, რადგან მათ სისხლში აკრძალული ნივთიერება, ე.წ. დოპინგი იქნა აღმოჩენილი.

სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გაცხადდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ყველა სპორტული ორგანიზაცია მკაცრ რეაგირებას მოახდენს, გატარდება სანქციები და შეიქმნება სამთავრობო უწყებათაშორისო კომისია, რომელიც სამომავლოდ პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.

ზურაბ კახაბრიშვილმა ძიუდოისტთა და მოჭიდავეთა ეროვნული და სხვადასახვა ასაკობრივი ნაკრებების წევრთა ხელმოწერები წარმოადგინა, რომლებიც მათი მხრიდან დოპინგის მოხმარებისგან თავშეკავებას ადასტურებენ. ხელმომწერთა სიას, სამომავლოდ, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტიდან.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

"1) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ორივე სპორტსმენს შეუწყდება დაფინანსება  და მოეხსნებათ ხელფასები.

2) სამინისტრო  არ დააფინანსებს იმ სპორტულ ფედერაციებს,  რომლებსაც არ ექნებათ გაფორმებული ხელშეკრულებები ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან. 

3) სამინისტროს ინიციატივით, ჯანდაცვისა და შსს სამინისტროსთან ერთად შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის მსგავს ფაქტებს და დასახავს პრობლემების გადაჭრის გზებს. 

4) საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია გამოიძიებს ამ კონკრეტულ შემთხვევას, გასცემს მკაცრ გაფრთხილებებას და მიიღებს ყველანაირ ზომას სამომავლოდ მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. ასევე უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ეროვნულ ანტიდოპინგურ სააგენტოსთან.

5) ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო მოითხოვს სპორტული ფედერაციებისგან გამოყონ კონკრეტული პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ანტიდოპინგურ საქმიანობაზე. სააგენტო ასევე გააგრძელებს კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას".

კომენტარები