მერის უფლებამოსილება

უგულავა: პრემიერი არათუ არაკომპეტენტურია, მატყუარაც არის

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

უფლებამოსილებაშეჩერებული მერი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. "პრემიერმინისტრმა უბრალოდ იცრუა, როცა თქვა, რომ თითქოს არ ჩარეულა მოსამართლის "პარტიზანული ღამის გადაწყვეტილებაში", - ამბობს უგულავა.

"გული მწყდება, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი არათუ არაკომპეტენტურობას ავლენს ქვეყნის ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის მართვის საკითხში, ის, უბრალოდ, მატყუარაც არის. რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მხრიდან ხუთ წუთში ერთხელ, ბიძინა ივანიშვილის, როგორც მაშველი რგოლის მოხსენიებაზე.

ჩემი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც ასევე შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა მაიკლ იენსენმა, პრემიერმინისტრმა უბრალოდ იცრუა, როცა თქვა, რომ თითქოს არ ჩარეულა მოსამართლის "პარტიზანული ღამის გადაწყვეტილებაში". სასამართლო პროცესამდე ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება მოწმობს, რომ წინასწარ ცნობილი იყო, თუ რა შედეგი დადგებოდა. მე მივუთითე გვარებიც, თუმცა, ცხადია, პროკურატურას არაფერი გამოუძიებია.

მეგობრებო, მე განმარტება აუცილებლად მივიჩნიე, რადგან პრემიერმინისტრი ურცხვად ტყუის, თუმცა ვაღიარებ, რომ იმ აბსურდის კასკადთან შედარებით, რაც შემდეგ მოჰყვა ზემოთ აღნიშნულ საკითხს, ყოველივე ეს ნამდვილად მეორეხარისხოვანია", - წერია უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები