თბილისის ბიუჯეტი

საფრთხე, რომელიც თბილისს ბიუჯეტის კიდევ ერთხელ ჩაგდების შემთხვევაში ემუქრება

tbilisi.gov.ge

თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრები მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და 2014 წლის ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში დედაქალაქი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. შეხვედრის დეტალებსა და თანამდებობის პირთა კომენტარებს თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის 1/12 არაა საკმარისი გაგრძელდეს კომფორტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროგრამის გაგრძელება, ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ტენდერი, რომელიც 100 ახალი ავტობუსის შეძენას გულისხმობდა.

დედაქალაქის მთავარი დოკუმეტის ჩავარდნის შემთხვევაში, ასევე მარტის თვიდან საფრთხე ემუქრება 600 ათას თბილისელს, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობდნენ. ვერ გავცემთ ხელფასებს სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე 5700 თანამშრომელზე. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ აღნიშნული პრობლემები მოსახლეობაზე არ აისახოს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის საკრებულო 2014 წლის ბიუჯეტს არ მიიღებს, ქალაქი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება", - განაცხადა აკაკი ჯოხაძემ.

საკრებულოს უმცირესობის წევრები უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტის მიღებისაკენ მოუწოდებენ.

"ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ, საკმაოდ შემაშფოთებელია. მაგალითად, შესაძლოა საფრთხე შეექმნას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ საქმე იქამდე მივიდეს, რომ დედაქალაქში შუქნიშნებიც კი გაითიშოს. ასევე, კეთილმოწყობის მიმართულებით შეიძლება ნაგვის გატანის პრობლემა წარმოიშვას. 3 700 ადამიანი კი, რომელიც აქ არის დასაქმებული, უხელფასოდ დარჩეს. პრობლემები ექმნება შემოერთებული სოფლების წყალმომარაგების საკითხს, ვაუჩერების დაფინანსებას და ა.შ. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ საფრთხეებისა, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში იწვნიოს დედაქალაქმა.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, მზად ვართ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მათ და მოვუწოდებთ, ნუ მიიღებენ ბრმად მათი ბელადების შემოთავაზებულ მითითებებს, რომელიც ბიუჯეტის ჩავარდნას გულისხმობს", - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის მერიისა და საკრებულოს ოპოზიციის მიერ ბიუჯეტის ჩავარდნასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე გამოთქმულ შიშებს დღესვე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი. მის კომენტარს თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

შიხიაშვილის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისსა და თბილისელებს არანაირი პრობლემა არ ემუქრებათ.

"მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ის, რაც ქალაქში ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს, არცერთი წუთით არ შეფერხდება და თუ შეფერხდება, ეს შეგნებული საბოტაჟი იქნება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ უმკაცრესად მოვთხოვთ პასუხს ნებისმიერ პირს, ვინც შეგნებულად შექმნის პრობლემებს. თბილისის მთავრობას საჭირო ხარჯებისათვის, ერთი მეთორმეტედის წესის გათვალისწინებით, სამოც მილიონზე მეტის გამოყენების საშუალება ექნება", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

მისივე განმარტებით, თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტთან მიმართებით არსებობდა ბევრი კითხვა და მასში ჩადებული იყო მუხლები, რომლის მიზნობრიობაც დაუსაბუთებელი იყო.

"თბილისის მერიამ საკრებულოში ვერ გაიტანა ბიუჯეტი, რომლის გამოყენებაც პარტიული ინტერესებისთვის უნდოდა. პარტიას არ უნდა მიეცეს ბიუჯეტით არჩევნების დაფინანსების საშუალება", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

პარლამენტი ან ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო ბიუჯეტის პროექტს თუ ვერ ამტკიცებს, კანონის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, ხარჯები წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედის ფარგლებში დაფაროს.

თბილისის საკრებულოში დღეს სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. საკრებულოს უმცირესობამ მერიის მიერ წარმოდგენილ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს მხარი არ დაუჭირა, რის გამოც ბიუჯეტი ჩავარდა.

კომენტარები