ბაჩო ახალაიას საქმე

ადვოკატი: ჯოლოხავა ზეწოლაში ახალაიას, ფაცაციას და საყვარელიძეს ადანაშაულებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მოწმის გოდერძი ჯოლოხავას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზეწოლაში ბაჩო ახალაიას, დეპუტატ დავით საყვარელიძესა და გლდანის #8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს ოლეგ ფაცაციას ადანაშაულებს. როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში ჯოლოხავას ადვოკატი ჯუმბერ მილორავა ამბობს, ჯოლოხავამ გამოძიებას ამომწურავი ჩვენება მისცა.

"გოდერძი ჯოლოხავამ ამომწურავი ჩვენება მისცა ქალაქ თბილისის პროკურატურაში. ზუსტად ის გაიმეორა, რაც ობიექტივის ეთერში განაცხადა. დაასახელა ის პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას. ესენი არიან: ოლეგ ფაცაცია, დეპუტატი დავით საყვარელიძე, ბაჩო ახალაია და სხვა პირები", - თქვა ადვოკატმა.

გოდერძი ჯოლოხავამ ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. პირველად, მედიაკავშირ ობიექტივთან ინტერვიუში ჯოლოხავა ჰყვებოდა, თუ როგორ ანახეს პატიმრის გაუპატიურების და წამების სცენები. მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას სამჯერ შეხვდა და ის აიძულებდა სხვა პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას წამების გზით. რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯოლოხავა ზეწოლაში თეა წულუკიანს და ირმა ინაშვილს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მათ ახალაიას წინააღმდეგ დაწერილის გამეორება მოსთხოვეს. მეორე დღეს კი, ყოფილმა პატიმარმა კვლავ ობიექტივის ეთერში განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ბაჩო ახალაიას ახლობლებმა განახორციელეს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო.

კომენტარები