პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ილია ელოშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, შექმნის დღიდან, ბუნებრივ აირს უკანონოდ მოიხმარდა. რევიზიის შედეგად გამოვლენილ ბუნებრივი აირის უკანონო დატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, დღეს ყაზტრანსგაზში პრესკონფერენცია გაიმართა. მინისტრის მოადგილის თქმით, მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის #1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაა, აღმოჩენილია ბუნებრივი აირის უკანონოდ დატაცების ფაქტი. მისი განცხადებით, შპს ყაზტრანსგაზი თბილისის უსაფრთხოების სამსახურმა გეგმური შემოწმების შედეგად გამოავლინა მრიცხველის გვერდის ავლით შეყვანილი გაზის მილი.

ილია ელოშვილის განმარტებით, დატაცება, სავარაუდოდ, ადმინისტრაციის შექმნის დღიდან ხდებოდა და ბუნებრივი აირი სასადილოსა და დამხმარე ნაგებობებს ხმარდებოდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში დაახლოებით 5-6 000 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარდა. ელოშვილის თქმით, შედგენილია ადმინისტრაციული აქტი, დალუქულია ობიექტი და მიმდინარეობს იქ დადგმული სიმძლავრეების დადგენა, რათა ზუსტად განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა. მისი ინფორმაციით, ჯარიმა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა გადაიხადოს.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბედავდა და იპარავდა ბუნებრივ აირს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რა განუკითხაობა იყო ამ სფეროში", - აღნიშნა ელოშვილმა.

კომპანია ყაზტრანსგაზის სპეციალური მმართველის ირაკლი გაბუნიას თქმით კი, ბოლო 4 თვეა კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აწარმოებენ ობიექტების გადამოწმებას და რევიზიას. მისი ინფორმაციით, გამოვლინდა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის შემთხვევები. მან მომხმარებლებს მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი ფაქტებისაგან, რადგან ადმინისტრაციული ჯარიმით დაჯარიმდებიან. მისივე თქმით, თანხის ოდენობა დანადგარების, სიმძლავრისა და სადენი მილის დიამეტრის მიხედვით დადგინდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ადმინისტრაციის მიერ ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების შესახებ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს. როგორც ინტერპრესნიუსს ბარნოვმა განუცხადა, მას მსგავსი ნამდვილად არაფერი სმენია.

"რა უნდა გიპასუხოთ ამ სისულელეზე? შეგიძლიათ, მიხვიდეთ ადგილზე და თქვენი თვალით ნახოთ, რაზეა ლაპარაკი, ან უნდა დაურეკოთ ვინმეს, ვინც გაზის ამბებში და მილებში ერკვევა. თქვენ, უბრალოდ კითხვა დასვით, რატომ უნდა გაკეთებინა ეს ადმინისტრაციას, საკუთარი ჯიბიდან იხდიდა ვინმე?" - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა. 

კომენტარები