თბილისის ბიუჯეტი

თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შეიტანა

თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია. დეპუტატი თემურ გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ საკრებულო ამ ვარიანტს თვის ბოლოს დაამტკიცებს.

"იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობა ამჯერად მაინც გამოვა თავისი პოლიტიკური ჩარჩოებიდან და დედაქალაქისა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. მერიამ წარმოადგინა კორექტირებული ბიუჯეტი. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგების მხრიდან აღარ იქნება უარგუმენტო შენიშვნები და ბიუჯეტი ამ თვის ბოლოს დამტკიცდება", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით კი, ისინი მზად არიან კონსენსუსისთვის და სადავო საკითხების გადასაწყვეტად, მერიასთან და უმცირესობასთან კონსულტაციები ექნებათ. საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმება 10 მარტამდე მოხერხდება.

"ჩვენ, ქალაქ თბილისის საკრებულო, მოწადინებულები და მოტივირებულები ვართ, რომ ქალაქს გააჩნდეს ბიუჯეტი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც უნდა კონკრეტულად ერთ პარტიას - ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ გვინდა, ქალაქს გააჩნდეს ბიუჯეტი, რომელიც მოტივირებული და მიზანმიმართული იქნება თბილისელების უკეთესი მომავლისთვის. ყელა თეთრი უნდა დაიხარჯოს ქალაქის ინტერესებისთვის და თბილისელებისთვის და არცერთი - პოლიტიკური ძალის პირადი ინტერესებისთვის", - ამბობს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი.

ცნობისთვის, თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები