თბილისის ბიუჯეტი

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს

timer.ge

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს. საკრებულოს წევრის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში არ შევიდა. საკრებულოს დღის წესრიგში მხოლოდ ქუჩებისთვის სახელის დარქმევის საკითხია შესული, რის გამოც ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, სხდომას არ დაესწროს.

"მიგვაჩნია, რომ დღეს თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბიუჯეტია. ეს არის თემა და საკითხი, რომელიც შეიძლება საკრებულომ განიხილოს. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის იგნორირებას ახდენს საკრებულო, ჩვენ ამ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებთ. დღეს თბილისისთვის ყველაზე მეტად ის არის მნიშვნელოვანი, რომ ცხრა ქუჩას გადაერქვას სახელი თუ ის, რომ თბილისელების პრობლემები მოგვარდეს?" - იკითხა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დღესვე მიმართავს საკრებულოს და მოითხოვს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას. ახვლედიანის განმარტებით, მოთხოვნიდან 7 დღის განმავლობაში, საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია სხდომა ჩაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახვლედიანის თქმით, საკრებულოს წევრებს შეუძლიათ სხდომის მოწვევა. თუ დეპუტატების ნახევარზე მეტი შეიკრიბება, მათ შეუძლიათ სხდომა ჩაატარონ და გადაწყვეტილება მიიღონ.

მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ბიუჯეტის არმიღება საკრებულოს მხრიდან არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნის შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს არცერთი შენიშვნა არ მიუწოდებია თბილისის მერიისთვის. 

"არცერთი მცდელობა არ ჰქონიათ, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები განხილულიყო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თბილისის ბიუჯეტისთვის მხარის არდაჭერა მხოლოდ შიხიაშვილის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება არ არის. ეს არის პოლიტიკური შედეგი და პროცესი. ამის თავი და თავი არის ქართული ოცნება და მისი მარიონეტული შემსრულებელი აღმოჩნდა საკრებულოს წევრების ნაწილი", - აღნიშნა ახვლედიანმა.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. 29 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა, 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

20 იანვარს, თბილისის მერიამ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ შეიტანა. უმცირესობის წევრების განცხადებით, დოკუმენტი მაქსიმალურად ოპტიმალურია.

კომენტარები