ხუდონჰესის მშენებლობა

კალაძე ხუდონის პროექტზე: მთავრობა იქნება თავდებში

0 კომენტარი
კახა კალაძე ფოტო: ტაბულა

ხუდონის პროექტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების დიდი სურვილი აქვთ და ეს დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზეც გამოჩნდა. მისივე თქმით, სამინისტრო მომავალ კვირას EBRD-ის წარუდგენს ენერგეტიკულ პროექტებს და შემდეგ, ინვესტორები უკვე იქიდან აირჩევენ.

კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ეკონომიკის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. "სამუშაო ადგილების პრობლემა გვაქვს და ეს ვერ მოიხსნება, თუ ეკონომიკა არ გაიზარდა, ახალი საწარმოები არ შეიქმნა და ეს წარმოუდგენელია ენერგეტიკის სფეროს განვითარების გარეშე", - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს 75%-ით არის დამოკიდებული თავის მეზობელ ქვეყნებზე ელექტროენერგიის თვალსაზრისით, თუმცა აქვს დიდი რესურსები, რომ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა: "ეს არის კომპასი ქვეყნის დამოუკიდებლობის".

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ხუდონის პროექტის ყველაზე მტკივნეული მომენტი სოციალური ასპექტია. სხვა ყველაფერი - მათ შორის, ეკოლოგიური საფრთხეები "ეს არის შეთხზული. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იცლება სვანეთი, იმიტომ რომ იქ არ არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტები - მხოლოდ უკანონო ხე-ტყის ბიზნესი აქვთ, გაუბედურებულია მთელი სვანეთი, გადაჩეხილია მთელი სვანეთი, ნახერხები ჩაყრილია ენგურში. ამაზე უნდა ამოიღონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმა, მაგრამ აქ არის სხვა ინტერესები", - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით,მოგონილია მეწყრის საშიშროებაც: "კაშხალი გათვლილია 9 ბალზე. არცერთი სხვა კაშხალი ამხელა მიწისძვრაზე გათვლილი არ არის. 1 მილიარდის ინვესტიცია უნდა განახორციელოს კომპანიამ და ხომ მის ინტერესშია, რომ ყველა წესის მიხედვით იყოს გათვლილი?" მისივე თქმით, ხუდონის პროექტის განხორციელება არის სვანეთის და სვანი ხალხის გადარჩენა.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ხუდონის აშენება არ მოდის წინააღმდეგობაში ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებთან, რადგან ერთ მხრივ ხუდონი არ შეიძლება ჩაითვალოს გიგანტურ ჰესად, რადგან მასზე ბევრად დიდი კაშხლები არსებობს სხვა ქვეყნებში და მეორე მხრივ ქართულ ოცნებას "არსად გვითქვამს უარი ენერგეტიკის დამოუკიდებლობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე". მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქმე კანონის ამოქმედებამდე და კერძო ქონების ექსპროპრიქციამდე არ მივა. "სიტყვის თავისუფლება არის დღეს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით და ამისთვის არავინ დაისჯება, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ თითოეული ადამიანი დაარწმუნოს იმაში, რომ ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. 1500 ჰექტარი ჩამოართვა ადგილობრივ მოსახლეობას წინა ხელისუფლებამ და 1 ლარად გადასცა ინვესტორს, მაგრამ ხმა არ ამოუღია არავის, დღეს დაინახეს სხვაგვარი დამოკიდებულება და უნდათ გამოიყენონ, მაგრამ ჩვენ კანონით არ დავუშვებთ ამას. კომპანია დაუბრუნებს მათ ამ მიწებს, აზომავს და მის მიხედვით მისცემს კომპენსაციას - საკმაოდ სოლიდური თანხებია, თუმცა არ მაქვს უფლება დავასახელო. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება მოტყუებული", - აღნიშნა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, "ხშირად ამბობდნენ, რომ ჩემი და ბიძინას ინტერესები იყო ჩადებული ამ პროექტში და ამიტომ ვლობირებდით კომპანიას. ჩვენ ვლობირებდით პროექტს. ბოლობოლო სახელმწიფო აიღებს და განახორციელებს ამ პროექტს". მისივე ინფორმაციით, ხუდონის მშენებლობა 2014 წლის 1 მარტს უნდა დაიწყოს. მანამდე უნდა მოხდეს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაციის მომზადება და განხილვა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. ამის შემდეგ მიიღებს ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას, გასცეს თუ არა მშენებლობის ნებართვა. კახა კალაძის თქმით, "მთავრობა იქნება თავდებში და თითოეული მოსახლის ინტერესი იქნება გათვალისწინებული".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები