პროკურატურა

პოლიტიკური ანგარიშსწორება

ირაკლი მარგველაშვილი
0 კომენტარი

პროკურატურის კრიზისი და საქართველოს მომავალი

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე დააპატიმროს, რომ ამ პროცესმა პოლიტიკური დევნის სახე არ მიიღოს. დასავლეთიდან მიღებული მესიჯები, რომელიც ამ პოლიტიკის მიმართულებით გამოითქვა, არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. მაგალითად, ჯეიმს აპატურაის განცხადება: განცდაც კი არ უნდა დარჩეს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება – არის ის სიგნალი, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების აკრძალვას, არამედ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკა არაა 21-ე საუკუნის პოლიტიკა. ეს ენა არაა ის პოლიტიკური ენა, რომელზედაც უნდა ისაუბროს საქართველოს ხელისუფლებამ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად აცდენილია დროს და წარმოადგენს 90-იან წლებში განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებას. ხოლო ამ ხელისუფლებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები წარმოადგენენ 90-იანი წლების ხელისუფლების და ხელმოცარული ყოფილი ოპოზიციური ძალების პერვერსიულ ნაზავს, რომელთაც საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია, რას ნიშნავს დასავლურ გეოპოლიტიკურ ჩართულობაში და ბრუნვაში სახელმწიფოს ყოფნა. ასევე არ ესმით იმ გამოწვევების, რომელიც საქართველოს აქვს ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების სისტემის თვალსაზრისით.

მაგალითად, ის, რაც მოხდა ბატონი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით, არის სწორედ იმის დადასტურება, რაც ზემოთ ვთქვით. ხელისუფლება ვერ იგებს დასავლეთის მესიჯებს. ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამ მთავრობის მთავარი პატიმარია, ციხიდან გამოიყვანეს „მისაკაჩავებლად". ეს ნამდვილად ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას არ აქვს რესურსი, იმუშაონ ზღვარზე, რომელზეც ჯეიმს აპატურაიმ თქვა – განცდაც არ დარჩეს იმისა, რომ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება. ამის განცდაც დარჩა და ირიბად ხელისუფლებამ აღიარა მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების სინამდვილე – მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა, რაც ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მოასწავებდა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებაზე. მათ აქაც ნაციონალური მოძრაობა დაეხმარა სახის შენარჩუნებაში. ოთარ ფარცხალაძეს გაუხსენეს კრიმინალური წარსული გერმანიაში. ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებით შეაბიჯა დანაღმულ ველზე და, მარტივად რომ ვთქვათ, აფეთქდა. აფეთქდა სწორედ იმიტომ, რომ მისი სურვილები და რესურსები ერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო პოლიტიკური დევნის შეფუთვა დიდ რესურსებს მოითხოვს.

ხელისუფლების სურვილებსა და პროკურატურის შესაძლებლობებს შორის არის აცდენა დროსა და სივრცეში.

საქართველოს ყველა საინფორმაციო საშუალებით, თოქ-შოუებით, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებით, თითქმის ყოველდღე ანონსდება ახალ-ახალი სისხლის სამართლის საქმეები. არ ივიწყებენ ძველ, წლების განმავლობაში მუსირებულ საქმეებსაც და არის უდიდესი მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინება ყველაფერს და გაიხსნება, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას საქმე, გაიხსნება თავიდან გირგვლიანის საქმე, ასევე რიგშია ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე, 2008 წლის ომის გამოძიების საქმე, დავით კეზერაშვილის საქმე და ა.შ.

უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების მიერ ამ საქმეების პოლიტიკურ კონტექსტში მოხსენიებამ პროკურატურა კრიზისში შეიყვანა. ის ხელისუფლების დაკვეთას ვერ პასუხობს. წინა მთავარმა პროკურორმა თანამდებობა 1 წლის მუშაობის შემდეგ დატოვა. ოთარ ფარცხალაძემ სულ რამდენიმე კვირა გაძლო, ხოლო ახალი მთავარი პროკურორის მოძიებას თითქმის სამი კვირა დასჭირდა და 34 წლის გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. ეს აშკარად მიუთითებს, რომ ხელისუფლების სურვილებსა და პროკურატურის შესაძლებლობებს შორის არის აცდენა დროსა და სივრცეში. ასევე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულმა უკანონო ქმედებებმა დაადასტურა, რომ პროკურატურა კრიზისშია. პროკურატურა ვერ ახერხებს მტკიცებულებათა შეგროვებას და დანაშაულის დამტკიცებას, შესაბამისად, ისინი მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს.

ხელისუფლება ცდილობს, როგორმე აცდეს პოლიტიკური დევნის იარლიყი, თუმცა ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, ვინაიდან მართლაც ხორციელდება პოლიტიკური დევნა და ადამიანები ციხეში დაპატიმრებული არიან წინასწარი პატიმრობით. პროკურატურა როგორც კი ხვდება, რომ წააგებს საქმეს სასამართლოში, ხდება ახალი ბრალის წარდგენა, რომელიც შეაქვთ სასამართლოში და პირს დანაშაულს უმძიმებენ, რათა კიდევ მიეცეთ საშუალება გამოიყენონ წინასწარი პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება და ეს პოლიტიკური პირები ჰყავდეთ პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ასეთი პატიმრობა წინასწარ აღმკვეთ ღონისძებას კი არ წარმოადგენს, არამედ მეთოდს, რომ სასამართლოზე გამართლებული პიროვნება როგორმე გარეთ არ გამოვიდეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამას ვერავინ შენიშნავს და ეს არ წარმოადგენს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ძალიან ცდება. ხელისუფლება ამ თემებით ვერ შეფუთავს თავის პოლიტიკურ მიზანს – გაანადგუროს მთავარი ოპოზიციური ძალა. ასევე თვალშისაცემია ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან.

ძალიან რთულია, მოხვიდე მთავარ პროკურორად, შემოგაჩეჩონ ზურაბ ჟვანიას საქმე და გითხრან, რომ ამ საქმეზე უნდა დადგეს განაჩენი, მაშინ როდესაც ცხადზე უცხადესია, რომ ეს საქმე მუზეუმის ექსპონატად შესაძლოა გამოდგეს მისი შინაარსიდან გამომდინარე. ასევე ძნელია, უპასუხო პრემიერის განცხადებას საქმით, რომ დავით კეზერაშვილი თურმე იარაღით უკანონო ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მისი ფრანგი ადვოკატები ამბობენ, რომ ის დაკავებულია საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, რომელმაც საფრანგეთის სასამართლოში ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები. საიდან მოიტანოს პროკურატურამ მტკიცებულებები? ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მისი პოლიტიკური განცხადებების დასამტკიცებლად, პროკურატურას მყარი მტკიცებულებები სჭირდება, რომელსაც სასამართლო გაითვალისწინებს, თორემ პროკურატურამ 2 საქმე პირწმინდად წააგო ხელისუფლების მიერ „მონსტრად" წოდებულ ბაჩო ახალაიასთანაც კი. სწორედ ამიტომ იმყოფება პროკურატურა კრიზისში და მთელი ამ 16 თვის განმავლობაში, რამდენიმე, ერთ ხელზე ჩამოსათვლელი საქმე იქნა სასამართლოში წარდგენილი, საიდანაც ორში ხელისუფლებამ სრული მარცხი მიიღო და, დიდი ალბათობით, რამდენიმე საქმეშიც იგივე ელის.

შექმნილია უამრავი მოლოდინი სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ვერც იაზრებს, რომ ეს მოლოდინები არის სწორედ ის დანაღმული ველი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება. რატომ არ ამბობენ ამ საქმეებზე უარს? ვფიქრობ, იმიტომ, რომ ხელისუფლების ინტერესებში ამ საქმეების გახსნა კი არ შედის, არამედ მათზე საუბარი, კლიშეში „9 წელი". შექმნილია ერთგვარი მუზეუმის სივრცე, სადაც ეს საქმეები გამოდებულია ვიტრინებში და ყოველ საღამოს, ან ყოველდღე, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით, ამ მუზეუმში დამთვალიერებლებს სტუმრობენ, ნახეთ, 9 წლის განმავლობაში რა მოხდაო. აჩვენებენ საქმეებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის თემას და არა იურიდიულად პერსპექტიულ საქმეებს, რომლებიც ე.წ. სამართლიანობის აღდგენის სათაურის ქვეშ ვერასოდეს გაიხსნება იმიტომ, რომ მათზე არ არსებობს მტკიცებულებები.
ხელისუფლება ვერ ამჩნევს, რომ ამ შიდა პიარტექნოლოგიით, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ექვემდებარება, ქმნის უდიდეს საფრთხეს ქვეყნისთვის, ქვეყნის უსაფრთხოების სიტემისთვის. სამწუხაროდ, დასავლეთში არათუ განცდა არ აქვთ, არამედ ზუსტად იციან, რომ ეს არის კავკასიური ვენდეტის მეორე ფაზა. პირველი კი 90-იან წლებში ჩავატარეთ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილით დაგვირგვინდა.

უკვე შესამჩნევია, რომ საქართველოს ეკონომიკა განიცდის რეცესიულ პროცესებს. ქვეყანაში პრაქტიკულად არანაირი ინვესტიცია არ შემოდის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დასავლეთში არ იწვევენ და არ სურთ შეხვედრა. როგორც პირველი არხის ეთერით ბატონმა პაატა დავითაიამ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს 2 წლის განმავლობაში ევროსაბჭოს ასამბლეაზე არ მოუსმენენ სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების გამო. ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრი საჯაროდ აცხადებს, რომ „ვანო მერაბიშვილი კარგად ზის და კიდევ იჯდება".

ამ გადასახედიდან, ხელისუფლების პოლიტიკა ვერ ტოვებს იმის განცდას, რომ მთელი ეს სისხლის სამართლის პროცესები დაცლილია პოლიტიკური ინტერესისგან. მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის პოლიტიკური რიტორიკის 90% სწორედ ამ პროკურატურის საქმიანობას ეძღვნება. ამის შემდეგ ვის უნდა დაუმტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული და არ ერევიან პროკურატურის საქმიანობაში? თავად პრემიერმინისტრმა დააანონსა ჯერ კიდევ პროკურატურის მიერ განუცხადებელი საქმეები, რომელთაც თურმე ნათელი მალე მოეფინება.

რატომაა საშიში ასეთი პოლიტიკა? მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ წარმოადგენს NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას. შესაბამისად, მისი საგარეო-პოლიტიკური სტაბილურობა, მხოლოდ დასავლურ დისკურსში ჩართულობითაა შესაძლებელი. რაც უფრო დავცილდებით ამ დისკურსს, მით უფრო მოწყვლადი ხდება ჩვენი საგარეო უსაფრთხოება. დღეს საქართველო ნამდვილად დგას დიდი რისკის ქვეშ, მით უმეტეს, უკრაინაში მიმდინარე ამბების ფონზე. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის მიერ გაცხადებული გეოპოლიტიკური ამბიციების მთავარი სამიზნე სწორედ საქართველო და უკრაინაა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არ არის დასავლური დისკურსი. ეს არ არის იმ დროის შესაფერისი, რომელშიც საქართველო იმყოფება. ამიტომ ჩვენი უსაფრთხოების რისკები იზრდება. სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდება, შესაბამისად, ჩვენი მხარდამჭერი მხოლოდ დასავლეთია. ამიტომ ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, რათა მოახდინოს თავისი პოლიტიკის გადახედვა და არ წავაწყდეთ დასავლეთის მხრიდან ყრუ კედელს, რომელსაც უკვე არაფრის გაგონება არ მოუნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები