ელექტრონული ხელმოწერა

ქართულ საბანკო სისტემაში ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა

www.bpn.ge

დღეიდან ქართულ საბანკო სისტემაში ელექტრონული ხელმოწერა ამოქმედდა. ახალ ინიციატივას პროკრედიტ ბანკი უკვე შეუერთდა. ამ სისტემის დანერგვით, კლიენტებს საშუალება აქვთ, გარკვეული საბანკო ოპერაციების დროს, ხელი არა ქაღალდზე, არამედ ელექტრონულად მოაწერონ.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა მნიშვნელოვანია საბანკო ოპერაციების განხორციელებისას მეტი კომფორტისა და სიმარტივის უზრუნველსაყოფად.

"საბანკო დოკუმენტებზე ელექტრონულად შესრულებული ხელმოწერა ყოველდღიურად მოხმარებული ქაღალდის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც გარემოზე დადებითად აისახება", - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, საბანკო სექტორში ინოვაციების დანერგვა და ინფრასტრუქტურული რეფორმები შეუქცევადი და მუდმივი პროცესია.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქართული ფინანსური ინსტიტუტები მომხმარებელს ყველაზე თანამედროვე პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ. ამის მაგალითია დღევანდელი პროექტიც, ელექტრონული ხელმოწერა, რომლის მსგავსი მომსახურება აქვთ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სექტორში. სისტემის მთელი არსი მომსახურების პროცედურის სიმარტივე, სისწრაფე და უსაფრთხოებაა. ეს პროექტი არის დასასრულის დასაწყისი შემოსავლის ქვითრების, დღიური საბუთების, ქაღალდის უზარმაზარი არქივების და ა.შ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ პროკრედიტ ბანკი არის პიონერი ამ პროექტის განხორციელებისას, ასევე დარწმუნებული ვარ და იმედს გამოვთქვამ, რომ მთლიანად საბანკო სექტორი ძალიან სწრაფად აიტაცებს ამ პროექტს, რომელიც ნიშნავს კომერციული ბანკისთვის მეტ ეფექტურობას, მეტ პროდუქტიულობას, ნაკლებ დანახარჯებს, რაც საბოლოო ჯამში აუცილებლად აისახება კონკრეტული კომერციული ბანკის კონკურენტულობაში, საპროცენტო განაკვეთებში და ყველა იმ სიკეთეში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ელექტრონულ ხელმოწერას მინიჭებული აქვს მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და იგი ბანკსა და კლიენტს შორის წარმოშობს იდენტურ უფლება-მოვალეობას. მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის მსგავსად, ელექტრონული ხელმოწერა სრულდება მხოლოდ ბანკის ტერიტორიაზე უშუალოდ მომხმარებლის მიერ, სპეციალურ მოწყობილობა - ხელმოწერის დაფაზე (ე.წ. sign pad). უნიკალური კოდის საშუალებით ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში კლიენტს სრულიად უფასოდ შეუძლია ორიგინალი დოკუმენტის ჩამოტვირთვა პროკრედიტ ბანკის ვებგვერდზე განთავსებული პორტალიდან http://edocs.procreditbank.ge და ელექტრონული დოკუმენტის სასურველ ადგილას შენახვა. ეროვნული ბანკის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაყალბებისგან თავის დაცვის მაღალი ხარისხი. ასევე უზრუნველყოფილია ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა.

კომენტარები