EUMM

EUMM-ის უფროსის ახალი მოადგილე 2008 წლის ომის დროს რუსეთის პოზიციას იცავდა

0 კომენტარი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე ბრიტანელი რაიან გრისტი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ EUMM-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რაიან გრისტი ქართულ მხარეს 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში საჯაროდ ადანაშაულებდა. იგი 2008 წლამდე საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

"ჩემთვის ნათელი იყო, რომ ეს შეტევა სრულად მოუწესრიგებლად და არაპროპორციულად განხორციელდა თუნდაც პროვოკაციის საპასუხოდ, თუ ასეთი მართლაც იყო. ჩემთვის ნათელია, ეს მოუწესრიგებელი შეტევა ქალაქზე, როგორც ასეთზე, განხორციელდა", - განუცხადა გრისტმა The New York Times-ს 2008 წლის ნოემბერში.

გრისტი აცხადებდა, რომ 7 აგვისტოს ოსურ და რუსულ ფორმირებებს ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ, რასაც, თითქოს, ცხინვალში მყოფი ეუთო-ს დამკვირვებლებიც ადასტურებდნენ. მისი კომენტარების უარყოფა, ეუთო-ს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას მოუწია.

მოგვიანებით გრისტმა განმარტა, რომ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და მას არ უთქვამს, რომ ოსური მხრიდან ომის დაწყებამდე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მისი თქმით, ქართული შეტევა არაპროპორციული იყო და ამას აუცილებლად რუსეთის პასუხი მოჰყვებოდა.

თავად გრისტის ცნობით, 2008 წლის 11 აგვისტოს მას მისიის ხელმძღვანელ ტერი ჰაკალასთან მწვავე კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც იგი თვითნებურად ცხინვალში, ეუთო-ს დაუჯავშნავი მანქანით გაემგზავრა. ცხინვალში იგი უფლებადამცველ ლირა ცხოვრებოვას შეხვდა, რომელსაც გრისტი თავის მეგობარს უწოდებს. ცხოვრებოვამ იგი ორ ცხინვალელ "მაღალჩინოსანს" შეახვედრა.

2008 წლის დეკემბერში ლირა ცხოვრებოვა აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრას უშედეგოდ ცდილობდა. როგორც სააგენტო Associated Press-მა გაარკვია, ცხოვრებოვა აშშ-ში ძვირადღირებული ამერიკული ლობისტური კომპანიების მომსახურებით სარგებლობდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა კი სააგენტოს ცხოვრებოვას ცხინვალის "უშიშროების კომიტეტთან" საუბრის ჩანაწერი გადასცეს, რომელიც სპეცსამსახურებთან მის კავშირს ადასტურებდა.

EUMM-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მისიაში დანიშვნამდე რაიან გრისტი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში სტაბილიზაციის პროგრამის მრჩევლად და ნიგერიაში შერიგების პროგრამის მენეჯერად მუშაობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ორი წევრი დააკავეს

კომენტარები