ნადირაშვილის დაკითხვა

ნადირაშვილი შს სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება

ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება.

მანამდე ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ დაახლოებით ორი თვის წინ თქვა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმ პირთან დაკავშირებით, ვინც გია ლორთქიფანიძეს "სახლში ნაღმი დაუდო", თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ამ თემით არ დაინტერესებულა.

"დაახლოებით ორთვენახევრის წინ განვაცხადე, რომ მქონდა ინფორმაცია, ვინ დაუდო ნაღმი სახლში გია ლორთქიფანიძეს და მზადყოფნა გამოვთქვი, ინფორმაცია მიმეწოდებინა შს მინისტრისთვის. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ჩემს განცხადებას ავტომატურად მოჰყოლოდა უწყებაში ჩემი დაბარება, ისინი მხოლოდ გუშინ გამომეხმაურნენ და ჩემთვის ასეთი "ოპერატიულობა" გასაკვირია. რაც ვიცი, მოვუყვები, თუმცა დიდ აზრს ვერ ვხედავ, რადგან მათზე ადრე დაინტერესდნენ ჟურნალისტები და რაც უნდა მოვყვე, თითქმის ყველა მედიასაშუალებას გაშუქებული აქვს. ეს არის ფორმალობა და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ შევწყვიტო განცხადებების კეთება ამ თემაზე. ყოველთვის ვახსენებ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ისინი ამ საკითხით არ დაინტერესდნენ. ჩემთვის გასაგებია, რატომ არ დაინტერესდნენ - იმიტომ, რომ ამაში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

კომენტარები