ლევან ვარშალომიძის დაკითხვა

ბოკერია: ლევან ვარშალომიძის დაკითხვა პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ლევან ვარშალომიძის დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა. 

"ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, მისი  დაკითხვაზე დაბარება არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს მთელ საქართველოში. ლევან ვარშალომიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი საკვანძო ლიდერია აჭარაში, ბათუმში და ბუნებრივია, არსებობს შიში ხელისუფლებაში, რომ ის იქნება აქტიური თვითმმართველობის არჩევნებზე, შეიძლება იყოს კანდიდატი" - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ლევან ვარშალომიძე ხდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლი და "იმავე მოვლენების რიგში დგას, რომელშიც ხონისა და სხვა რეგიონების ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა".

"ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებას" - თქვა ბოკერიამ.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ბათუმის პროკურატურა უკვე დატოვა. მისი თქმით, პროკურატურა ხულოს ქუჩაზე მდებარე შენობის გასხვისების დროს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ვარშალომიძე პროკურატურაში დაბარებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ტერორი ხორციელდება.

"მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. არჩევნები მოდის და არჩევნების წინა პერიოდში ტერორი, ალბათ, უფრო მეტად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ ბევრი ჩვენი აქტივისტის და პარტიის წევრების დაბარებასაც. კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ დადგმული შოუ, რომელიც დღესაც გრძელდება. მე მართლა მიხარია, რომ ვცხოვრობ იმ ქალაქში, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ავაშენეთ. ყველა ობიექტი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გასხვისებული და ჩვენს დროს აშენდა, მიხარია და ვამაყობ ამით. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობას ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში რომ არაფერი აქვს გაკეთებული, უნდა ამის გადაფარვა და ღმერთმა ხელი მოუმართოს.

კონკრეტულად, საქმე ეხება ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, #6-ში მდებარე შენობის გასხვისებისას ჩემი უფლებამოსილების გადამეტებას. ჩვენს დროს გასხვისებული საინვესტიციო ობიექტი ახალმა მთავრობამ გააგრძელა, კითხვა ისმის, ჩვენთან რა გინდათ?! ასე რომ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ბათუმში ვართ და პროკურატურის მხრიდან ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად ვართ", - აღნიშნა ვარშალომიძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. დაკითხვის დასრულებამდე ბათუმის პროკურატურასთან იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი უმცირესობიდან მიხეილ მახარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან.

კომენტარები