პრემიერის მიმართვა

პრემიერი: ვეცდებით, არავინ არ დარჩეს გულნაკლული, ვინც ჩვენთან ერთად იშრომა

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს მიმართავს. ღარიბაშვილის განცხადებით, პარტია ახალ ეტაპზე  გადადის. პრემიერის თქმით, პარტია გააკეთებს ყველაფერს, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვთ განცდა, რომ თავდადება სათანადოდ არ დაუფასდათ, გულნაკლულები არ დარჩებიან. ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ პარტიის კონფერენციებსა და შეხვედრებში.

"ვიცით, რომ შესაძლოა, ბევრ იმ ადამიანს, რომელიც პირველი დღიდან მონაწილეობდა პარტიის მშენებლობაში, აქვს განცდა იმისა, რომ თავდადება სათანადოდ ჯერ კიდევ არ დაუფასდათ. მინდა გითხრათ, რომ ეს იმ სირთულეების ბრალი იყო, რომლებიც ქვეყანამ გამოიარა ბოლო ორი წლის განმავლობაში. საბედნიეროდ, ეს სირთულეები ყველამ ერთად ღირსეულად გადავლახეთ. ჩვენ ახლა წინ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია თქვენთან ერთად ღირსეულად გაიმარჯვებს. ამიტომ გარწმუნებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არცერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩეს", - აცხადებს პრემიერი. 

მისი თქმით, პარტია დღეს გადადის განახლების ახალ ეტაპზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მალე იწყება რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარება. პრემიერმა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის პარტიული კონფერენციების ორგანიზება დაავალა. მისი თქმით,  ეს იქნება რეგულარული შეხვედრები პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან, აქტივისტებთან და მოქალაქეებთან.

"ჩვენმა პარტიამ ამ ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელი შეძლო - დიდი ძალისხმევისა და თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და მმართველი პოლიტიკური ძალა გახდა. ასეთ წარმატებას, ხშირად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტიებიც კი ვერ აღწევენ. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო მეტი ენერგიით განაგრძობს საქმიანობას და თანამედროვე ევროპული ტიპის პარტიად ჩამოყალიბდება - პარტიად, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები და რომელიც მათი ინტერესების გამტარებელია", - ამბობს ღარიბაშვილი საგანგებო მიმართვაში.

კომენტარები