ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

არასამთავრობოები: მხოლოდ ბარიერის გაზრდა სისტემას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევას, თუმცა, მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ბარიერის გაზრდა საარჩევნო სისტემას მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"როგორც ცნობილია, მმართველი ძალის თავდაპირველი გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის მერების არჩევნებისთვის 40%-იანი, ხოლო გამგებლების არჩევნებისთვის 33%-იანი ბარიერი წესდებოდა, რასაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ვიზიარებდით და ყველა არჩევითი თანამდებობის პირისთვის (გამგებლები/მერები) 50%-იანი ბარიერის დაწესებას ვითხოვდით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბარიერის 50%-მდე გაზრდა მისასალმებელი ცვლილებაა, რაც გააძლიერებს პირდაპირ არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის ხარისხს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაცილებით უფრო კომპლექსური ხასიათისაა და საარჩევნო სისტემის სრულად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ კვლავ პრობლემატურად რჩება საარჩევნო სისტემა საკრებულოს არჩევნებისთვის, რაც ვერ უზრუნველყოფს ერთი ხმის თანასწორობის პრინციპსა და ამორჩევლის მიერ გამოხატული ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში. ვთვლით, რომ ხელისუფლებამ მეტი მზაობა უნდა გამოხატოს მასშტაბური ცვლილებებისთვის, ვინაიდან მხოლოდ ბარიერის გაზრდა სისტემის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ვერ უზრუნველყოფს. სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის აუცილებელია ხელისუფლებამ  გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები: მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი ხმის თანაბარი წონის პრინციპი; მერებისა და გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის მთლიანად ამოღება, რადგან აღნიშნული პროცედურა წინააღმდეგობაში მოდის პირდაპირი არჩევნების პრინციპთან და მნიშვნელოვნად აკნინებს მის მნიშვნელობას;  თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს და რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნული კოდექსი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წინაშე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან", - აცხადებენ არასამთავრობოები და მიიჩნევენ, რომ შემჭიდროებული ვადების მიუხედავად, ცვლილებების პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა გაეგზავნოს ვენეციის კომისიას, რათა ამ უკანასკნელმა რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს შესაბამისი შეფასებები.

"რომლებსაც, იმედი გვაქვს, ხელისუფლება გაითვალისწინებს. ჩვენ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ დისკუსიისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე, კიდევ ერთხელ გადახედავს საკუთარ პოზიციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაიზრდება. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყველა თვითმმართველ ქალაქში მერები პირდაპირი გზით სწორედ 50%-იანი ბარიერით აირჩევა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების არჩევაც 50%-იანი ბარიერის გადალახვის გზით მოხდება.

"ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა შეხვედრა და დაითანხმა კოალიცია აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერასთან დაკავშირებით", - აცხადებს ღარიბაშვილის პრესსამსახური.

არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობოები პარლამენტისგან ბოლო თვეების განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ საარჩევნო ბარიერი 50%-მდე გაზრდილიყო, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, ბარიერი 40% ყოფილიყო.

კომენტარები