არეულობა უკრაინაში

სონღულაშვილი: დრო გამოაჩენს, ვინ იყო ამ ძმათამკვლელი შეტაკებების ინსპირატორი

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

თეოლოგიის დიქტორი მალხაზ სონღულაშვილი სრულიად უკრაინის პატრიარქს ფილარეტს სამძიმარს უცხადებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

"თქვენო უწმინდესობავ,

 ამ წერილით გვინდა სამძიმარი გამოგიცხადოთ უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ორ ათეულზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლას. სამძიმარს ვუცხადებთ მათს ოჯახებს, ახლობლებს, მთელ უკრაინას. სამძიმარს ვუცხადებთ ასევე იმ საქართველოს მოქალაქის ოჯახს, რომელმაც ასევე კიევის ქუჩაში დალია სული.

დრო გამოაჩენს ვინ იყო ამ ძმათამკვლელი შეტაკებების ინსპირატორი და იმპლიმენტატორი. გამოაჩენს და პასუხსაც აგებინებს, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ დაღუპულების სიცოცხლეს ვერავინ და ვეღარაფერი აანაზღაურებს. ვერავინ დაუბრუნებს მშობლებს შვილებს, შვილებს – მშობლებს, მეგობრებს – მეგობრებს...

დღეს უკრაინაში გლოვის დღეა და ჩვენც ვუერთდებით ამ გლოვას. საქართველოში კარგად გვესმის თქვენი და თქვენი ბრძოლისა თქვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ბოროტება უსათუოდ დამარცხდება, სიკეთე უსათუოდ გაიმარჯვებს. ჩვენი რწმენის საძირკველშივე ძევს ამის სასოება: ჯვარცმას მოსდევს მკვდრეთით აღდგომა, წითელ პარასკევს მოსდევს აღდგომის დილა. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ისე ჩანს მოწყობილი, რომ ჯვარცმის გარეშე არ არსებობს აღდგომა.

უკრაინელი ხალხისათვის აღდგომის მოლოდინში მყოფნი, უფალს ვავედრებთ გარდაცვლილების სულებს და მათი დამწუხრებული ახლობლების ნუგეშისცემას. არა აქვს მნიშვნელობა ბარიკადების რომელ მხარეზე იბრძოდნენ დაღუპულები – ყველანი უკრაინის შვილები არიან, ყველანი ადამიანები არიან. დაე, მათ მიერ გაღებული მსხვერპლი სახსარი დახდეს საყოველთაო შერიგებისა, მშვიდობისა და თავისუფლებისა თქვენს ქვეყანაში" - ნათქვამია მალხაზ სონღულაშვილის სამძიმრის წერილში.

უკრაინის შს სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურად, 20 თებერვალს, კიევის ცენტრში 7 ადამიანია მოკლული, თუმცა, მედიასაშუალებები ინფორმაციას გაცილებით მეტი დაღუპულის შესახებ ავრცელებენ.

BBC-ის ცნობით, მხოლოდ დღეს დაღუპულია მინიმუმ 20 ადამიანი, თუმცა, ევრომაიდნის მთავარი ექიმი აცხადებს, რომ სასტუმრო უკრაინის შენობაში 30 დაღუპულის ცხედარია განთავსებული, 1000-მდე აქტივისტი კი დაჭრილია. მოკლულთაგან აბსოლუტურ უმრავლესობას სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიები აქვს მოხვედრილი თავსა და გულის არეში.

სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეოკადრებს, ცეცხლს როგორ უხსნიან ევრომაიდნის აქტივისტებს.

კომენტარები