ვითარება უკრაინაში

მარგველაშვილი თურქ და პოლონელ კოლეგებს უკრაინის თემაზე ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულის და პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პოლონეთის და საქართველოს პირველმა პირებმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს საქართველოს მიერ, უახლოეს პერიოდში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა. 

"პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის პირველ პირს მხარდაჭერა ევროპულ და ევროანტლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე. საუბრის დასასრულს ბრონისლავ კომოროსკიმ გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში დაპატიჟა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაში მოიწვია" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.

რაც შეეხება აბდულა გიულისთან საუბრის თემას, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა უკრაინის მოვლენებთან ერთად, შავი ზღვის აკავატორიაზე ამ პროცესების გავლენა განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტრიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრეს უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე.

"გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ფუნქცია, რომელიც თურქეთმა აიღო ამ კრიზისის განმუხტვისათვის. საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა მაისში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ შეხვედრაზეც ისაუბრეს, სადაც კიდევ ერთხელ განიხილება სახელმწიფოთაშორისი პროექტებისა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობა. საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციას მომავალშიც განაგრძობენ" - აცხადებს მარგველაშვილის პრესსამსახური.

კომენტარები