ევროკავშირი-საქართველო

ფულე: გვსურს, პარტნიორობა ქართული საზოგადოების ყველა ნაწილს მოიცავდეს

Irakli Garibashvili Official/facebook

ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულე, კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა. შეხვედრის ნაწილი დახურულად წარიმართა. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს პარტნიორობა მოიცავდეს ქართული საზოგადოების ყველა ნაწილს. 

"ეკლესია აქ მუდამ არის. აქ ჩვენ ვაშენებთ ძალიან სერიოზულ და თავისებურ პატრნიორობას, რომელიც მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსთან პარტნიორობა არ არის. ჩვენ გვსურს, რომ ეს პარტნიორობა მოიცავდეს ქართული საზოგადოების ყველა ნაწილს. ჩვენ ვქმნით პარტნიორობას, რომელიც გაუძლებს მრავალ გამოწვევას. მართლაც, რომ გადავხედოთ რა ხდება უკრაინაში, ჩვენ საერთო ბევრი გვექნება დასაძლევი. ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მიიღეთ ჩემი მორჩილი თხოვნა შეხვედრაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეკლესია არის პარტნიორი, ინგლისურად ცუდი სიტყვაა, დაინტერესებული მხარე, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ურთიერთობას", - განაცხადა ევროკომისარმა. 

შტეფან ფულეს თქმით, ევროკავშირს საქართველოში მხოლოდ ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე დაფუძნებული თანამშრომლობა არ სურს, მისი თქმით  პარტიორობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს. მისივე თქმით, ევროკავშირის ძალა მის მრავალფეროვნებაშია. 

"როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი, მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული მხოლოდ ისეთი ხელშეკრულების გაფორმებით, რომელიც ვაჭრობასა და ეკონომიკური ურთიერთობაზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორობა ეფუძნებოდეს კარგად განსაზღვრულ და მსოფლიოში აღიარებულ პრინციპებს. ჩვენ მოვდივართ საქართველოში, რათა დავიცვათ ის წესრიგი, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსებისა და ტოლერანტობის დაცვას. ეს სწორედ კარგად შეეხამება რელიგიურ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას. მართალია, ჩვენ ყველანი ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, მაგრამ თუ გადახედავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ. ევროკავშირის სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ ჩვენ არ ვცდილობთ გავაერთფეროვნოთ ეს მრავალფეროვნება ქვეყნებს შორის. ჩვენ ვცდილობთ სიმტკიცე იყოს დაფუძნებული სწორედ იმაზე, რომ პატივი ვცეთ ამ მრავალფეროვნებას... კიდევ ერთი რამ, ეს ხელშეკრულება არ ეხება იმას, რომ საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს მოსკოვს ან ბრიუსელს შორის. ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენი გეოგრაფიული მდებარეობა, თქვენი ტრადიციული კავშირები რუსეთთან და ჩვენ გვესმის, რომ ამით სარგებლობდეთ და მათ სიკეთე მოჰქონდეს. ჩვენ არ ვხედავთ არანაირ წინააღმდეგობას ამ ხელშეკრულების გაფორმებასა და რუსეთის კარგ ურთიერთობას შორის. კიდევ ერთი რამ, რომელსაც არ მოიცავს ეს ხელშეკრულება არის ის, რომ ჩვენ მოვდივართ და თავს ვახვევთ საქართველოს და ქართველ მოსახლეობას რაიმე ნეოლიბერალურ ღირებულებებს. არსებობს ევროპული ღირებულებები და ეს უკვე საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ აისახება ეს ღირებულებები საქართველოს კანონმდებლობაში თქვენივე ტრადიციების გათვალისწინებით", - აღნიშნა შტეფან ფულემ

კომენტარები