ევროკავშირი-საქართველო

წულუკიანი: ჩვენ უნდა განვვითარდეთ ჰარმონიაში დანარჩენ სამყაროსთან

თეა წულუკიანი

”ჩვენ რეფორმები გვჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი  წევრი ქვეყანა გავხდეთ დროსთან ერთად, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთესი”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა რეფორმებს პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეებისთვის ატარებს.

”ჩვენ გვჭირდება, პროგრესს ავუწყოთ ფეხი ისე, რომ ამავე დროს ჩვენი ენა, ტერიტორია, კულტურა იყოს დაცული, მაგრამ ჩვენ უნდა განვვითარდეთ ჰარმონიაში დანარჩენ სამყაროსთან და ჰარმონიაში ჩვენს საკუთარ წარსულთან, ტრადიციებთან და ღირებულებებთან”, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 2014 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი.

”ამ ხელშეკრულების ხელმოწერას ჰქონდა წინაპიროებები, სერიოზული დათქმები - მოხდებოდა თუ არა ეს 2014 წელს. თქვენ იცით, რომ შარშან ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სამინისტრომ ძალიან წარმატებით გაართვა თავი იმ დათქმებს თუ წინაპირობებს, რომლის შესრულებაც იყო აუცილებელი იმისთვის, რომ წელს ხელმოწერა ყოფილიყო რეალური შესაძლებლობა. ჩვენ არაერთი რეფორმა განვახორციელეთ შარშან. მე პირადად, ერთ-ერთ ყველაზე მთავარ რეფორმად და ფუძემდებლურ სიახლედ ის ცვლილება მიმაჩნია, რომელიც შარშან განხორციელდა და რომელსაც საქართველოში ადამიანის გათავისუფლება ჰქვია სახელმწიფო წნეხისგან და მისთვის თავისუფლების განცდის მინიჭება. დღეს ჩვენი მოქალაქე თავისუფლების განცდით ცხოვრობს”, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ეს საკმარისი არაა და ამიტომაც, სამინისტრომ და მთავრობამ გასულ წელს რეფორმების მთელი ციკლი დაიწყო.

"ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო მხოლოდ: მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ეტაპი ევროკავშირის ყველაზე მაღალი წარმომადგენლების მიერ, ისევე როგორც დასავლური დამოუკიდებელი კვლევების მიერ, ერთ-ერთ ყველაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ამის ინიციატორი, სულის ჩამდგმელი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა და შემდეგ კანონმდებელი. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი და ერთი ნაბიჯი, მაგრამ მიზანი არის გაცილებით უფრო დიდი და მიზანი არის ის, რომ წელს ის ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდი ხანია ევროპული ქვეყანაა - მანამდე იყო ევროპული ქვეყანა, სანამ თავად ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია შეიქმნებოდა - ახლა უკვე საქართველო, ეს ძველი ევროპული ქვეყანა, გაფორმდეს ასეთად ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე”, - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები