გიგი უგულავას საქმე

EPP-ის პრეზიდენტი: უგულავასა სამართლებრივი დევნის უკან პოლიტიკური მოტივებია

უგულავასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების სამართლებრივი დევნის უკან პოლიტიკური მოტივებია - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დოლის განცხადებაშია ნათქვამი.

დოლიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ შერჩევითი სამართალი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე გავლენას იქონიებს.

"გამოვხატავ შეშფოთებასა და აღშფოთებას საქართველოს ხელისუფლების აშკარა ზრახვასთან დაკავშირებით, მოითხოვოს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წამყვანი ფიგურის, გიგი უგულავას პატიმრობა იმ მოტივით, რომ ქვეყანა დატოვა ირლანდიაში, დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე დასასწრებად. ევროპის სახალხო პარტიის კონგრესი ევროპის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენაა, რომელსაც ევროპის წამყვანი პოლიტიკოსები ესწრებიან. დუბლინში ბატონი უგულავას ყოფნის წინასწარი დაკავების მოტივად მითითება არა მხოლოდ სასაცილოა, არამედ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბატონი უგულავასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების სამართლებრივი დევნის უკან პოლიტიკური მოტივებია. ზედმეტიცაა იმის აღნიშვნა, რომ დღევანდელი მთავრობის მიერ პოლიტიკური შურისძიების იარაღად შერჩევითი სამართლის გამოყენების გაგრძელება ნამდვილად საფრთხის ქვეშ დააყენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას," - აღნიშნა პრეზიდენტმა დოლიმ.

ევროპის სახალხო პარტიის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის მსგავსად, საქართველოს დედაქალაქის პირველად პირდაპირ წესით არჩეული მერის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისა და ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო კამპანიის მენეჯერის, გიგი უგულავას სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და ამჟამად გირაოს ქვეშაა. თანამდებობიდან იგი სასამართლომ გადააყენა ბატონი უგულავას დაცვის მოსმენის გარეშე იმ დროს, როცა ისმის ბრალდება, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება. მისმა ამ ფორმით გადაყენებამ საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის ევროკავშირის რეგიონთა კომიტეტის მხრიდან.

ევროპის სახალხო პარტიის უამრავმა ლიდერმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, მათ შორის, პარტიის გენერალური მდივნისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა მოჰყვა. 

კომენტარები