TV MR საქართველოს დაჯარიმება

საგამოძიებო სამსახური: TV MR საქართველოში არ შევსულვართ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია TV MR საქართველოში შესვლას და მის შემოწმებას უარყოფს. საგამოძიებო სამსახური საპარლამენტო უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"კუბლაშვილი ამბობს, თითქოს საგამოძიებო სამსახური შესულია კომპანია TV MR საქართველოში და ითხოვს პერსონალურ მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ტელეკომპანიების რეიტინგები იზომება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საგამოძიებო სამსახური კომპანია TV MR საქართველოში არ შესულა, არც აქამდე ჰქონია რაიმე სახის შეხება და, შესაბამისად, კუბლაშვილის განცხადება არის ტყუილი და მიზანმიმართული ქმედება, რომ საზოგადოებას მიეწოდოს მცდარი ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით, პოლიტიკურ ფიგურებს, რომ თავი შეიკავონ მცდარი, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანია TV MR საქართველოს შემოწმების უკან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დგას. მისი თქმით, ფარცხალაძემ დავალება - "როგორმე შეარყიოს რეიტინგებთან დაკავშირებული თემა", ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან მიიღო.

"ფინანსური პოლიცია შესულია კომპანია TV MR საქართველოში და ითხოვს პერსონალურ მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ტელეკომპანიების რეიტინგები იზომება. ხაზგასმით და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ შემოწმების უკან დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც დღემდე მართავს არა მხოლოდ ფინანსურ პოლიციას, არამედ პროკურატურასაც. ფარცხალაძემ ეს დავალება, როგორმე შეარყიოს რეიტინგებთან დაკავშირებული თემა, მიიღო ტელეკომპანია GDS-ის მესაკუთრის ბერა ივანიშვილისგან, რომელთანაც მას ახლო ურთიერთობა აკავშირებს. მიზანი ამ შემოწმების არის, რომ მოხდეს ან რეიტინგების დისკრედიტაცია, ან შეწყდეს ტელეკომპანიების რეიტინგების წარმოება ან შეიცვალოს რეიტინგების შედეგები, მოხდეს შედეგებით მანიპულირება GDS-ის სასარგებლოდ“, - აცხადებს კუბლაშვილი.

ცნობისთვის, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. 

კომენტარები