TV MR საქართველოს დაჯარიმება

ომბუდსმენი: ამ ეტაპზე, TV MR საქართველოს საქმე ვიცი მხოლოდ მედიიდან

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი TV MR საქართველოს საქმის დეტალურად შესწავლას დაიწყებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იცნობს.

"ჩვენ დავინტერესდებით და დავიწყებთ დეტალურ შესწავლას, თუ რა სახის პრობლემებთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპზე, მე ინფორმაცია მაქვს მხოლოდ და მხოლოდ მედიიდან. არ ვიცი, ზუსტად რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რა არის, რა მოტივებია თუნდაც ამ პროცედურების მიმართ. ამ საქმეს ჩვენ მალე შევისწავლით და გვექნება დეტალური სურათი", - აცხადებს ნანუაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ TV MR საქართველო საქმიანობას დროებით აჩერებს. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. TV MR საქართველო ამის მიზეზად გახშირებულ დაკითხვებს და მოდემების ფუნქციონირების შეწყვეტას ასახელებს. 

ცნობისთვის, 17 მარტს, TV MR საქართველო შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობა გახდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შპს TV MR საქართველომ ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის და კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის დოკუმენტების დამალვა კომპანიის პასუხისმგებლობას იწვევს.

ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ "ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.

TV MR საქართველოს პარტნიორი 11 ტელეკომპანია და 18 სარეკლამო სააგენტოა. ასევე, საქართველოს პარლამენტი. დამკვეთი კომპანიების განცხადებით, მათ საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან კვლევაში მონაწილე ოჯახების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სრულად და ერთდროულად გადაცემის მოთხოვნა. ტელეკომპანიებმა და სარეკლამო სააგენტოებმა 18 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მოთხოვნილი საკვლევი ოჯახების მისამართების და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემა გამოიწვევდა TV MR საქართველოს საქმიანობის შეჩერებას.

კომენტარები